„ჯორჯიან მანგანეზის" შპს-ის დირექტორმა „ქართულ ოცნებას" 60 000 ლარი შესწირა

პუბლიკა

შპს „მაღაროელის” წილის 50%-ის მფლობელმა ჯემალ ხარაიშვილმა „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა.

ჯემალ ხარაიშვილი ასევე არის დირექტორი „ჯორჯიან მანგანეზის“ ერთ-ერთი შპს-ის – „ჯმ-კონსტრაქშენის”.

„ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ facebook-ზე 2022 წელს გავრცელებულ ინფორმაციებში ხარაიშვილი მოხსენიებულია, როგორც „ჯორჯიან მანგანეზის” ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის​ კოორდინატორი. იკავებს თუ არა დღემდე ამ პოზიციას ხარაიშვილი, შეკითხვაზე კომპანიაში არ გვიპასუხეს და წერილობით მიმართვა მოგვთხოვეს.

რაც შეეხება „მაღაროელში” წილის ფლობასა და შპს-ს დირექტორობას, აღნიშნული ინფორმაცია დღეის მდგომარეობით რეესტრის ოფიციალურ მონაცემებს ეფუძნება.

შპს „მაღაროელის“ მეორე 50%-ის მფლობელი ნოდარ მიქაბერიძეა. ისიც „ქართული ოცნების“ შემწირველია – 2021, 2020, 2019 და 2018 წლებში მას ჯამში 230 000 ლარი აქვს შეწირული მმართველი პარტიისთვის და მათი მაშინდელი საპრეზიდენტო კანდიდატისთვის.

აღსანიშნავია, რომ შპს მაღაროელის დირექტორი ანდრიი ბარაბახია, რომლის გადადგომასაც გასულ წელს გაფიცული მაღაროელები მოითხოვდნენ.

რა როლი აქვს შპს „მაღაროელს”:

„მთის ამბების“ ცნობით, შპს „მაღაროელი“ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანიაა.

გამოცემამ ჭიათურის სხვადასხვა მაღაროში დასაქმებულ მაღაროელებს ჰკითხა, რომელ კომპანიასთან ჰქონდათ შრომითი ხელშეკრულება გაფორმებული – „ჯორჯიან მანგანეზთან“ თუ „მაღაროელთან“. მათი თქმით, კოლექტიური წერილობითი კონტრაქტი დამსაქმებელს არცერთი მათგანისთვის არ მიუცია, თუმცა ახსოვთ, რომ ხელშეკრულების ხელმომწერი მხარე შპს „მაღაროელია“.

„პუბლიკასთან” საუბრისას მაღაროელი ტარიელ მიქაცაძეც ადასტურებს, რომ კონკრეტული ნაწილი დასაქმებულებისა ხელფასს შპს „მაღაროელიდან” იღებს.

„ჩვენ ვართ და ვმუშაობთ შპს „მაღაროელის“ სახელით, მათთან გვაქვს კონტრაქტი. მიწისქვეშა სამუშაოები რაც არის, ყველაფერი ამ კომპანიის სახელით კეთდება და ყველა განცხადება იქნება თუ რაიმე სხვა, შპს „მაღაროელის“ სახელით მოდის და ხელფასიც ამ კომპანიის სახელით გვერიცხება“, – ამბობს ტარიელ მიქაცაძე.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ივნისში, როდესაც მაღაროელები გაიფიცნენ, ერთ-ერთ აქციაზე მათ ბანკიდან ამონაწერი მოიტანეს, სადაც ხელფასი შპს მაღაროელის ანგარიშიდან არის ჩარიცხული.