SOVLAB: „ქართული ოცნება" არქივებზე წვდომას ზღუდავს, რაც საბჭოთა წარსულის კვლევას ართულებს

პუბლიკა

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია აცხადებს, რომ ეზღუდებათ წვდომა არქივებზე, რაც საბჭოთა წარსულის კვლევას ართულებს.

მათი განცხადების თანახმად, არქივების დახურვის მიზეზები გაურკვეველია. ორგანიზაციის თქმით, უკვე რამდენიმე თვეა, „რეორგანიზაციის“ საბაბით მთლიანად დახურულია შსს-ის (ყოფილი საბჭოთა უშიშროების – სუკ-ის) არქივი და არ აქვთ ინფორმაცია მისი გახსნის თარიღის და გახსნის პირობების შესახებ.

ასევე, განცხადებაში საუბარია, რომ მკვლევრებს აკრძალული აქვთ დოკუმენტებისთვის ფოტოების გადაღება, ასლების გადაღების ფასი კი ძალიან მაღალია.

სოვლაბის განცხადებით, კვლევას ხშირად ასობით და ზოგჯერ ათასობით გვერდის ასლი სჭირდება, ამიტომაც, სრულფასოვანი კვლევა თითქმის შეუძლებელია.

,,ამგვარი აკრძალვა სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო პრაქტიკას. მსოფლიოს არქივებში ფოტოასლების გადაღება არა მხოლოდ უფასოა რამედ არქივები ფოტოების გადაღების ტექნიკურ საშუალებებს მკვლევრებს თავად სთავაზობენ”, –  აცხადებს სოვლაბი.

  1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ბოროტად იყენებს პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონმდებლობას და ევროპულ რეგულაციებს. 75 წელზე ნაკლები ხანდაზმულობის დოკუმენტებში იშტრიხება ადამიანების სახელები მრავალი სხვა დეტალი რის შედეგადაც საბჭოთა ტოტალიტარული რეპრესიული აპარატის წევრთა მონაცემები, ზუსტად ისე როგორც რუსეთში, საზოგადოებისთვის ხელმიუწვდომელია. აღნიშნული თითქმის შეუძლებელს ხდის ნათელი მოეფინოს საქართველოს მე-20 საუკუნის ისეთ საკვანძო მოვლენებს როგორიცაა, მაგალითად 1989 წლის 9 აპრილი და ა.შ

  2. არქივებზე „ზედამხედველობას“ არაფორმალურად ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. „ზედამხედველობა“ გულისხმობს პირდაპირ ჩარევას არქივის გადაწყვეტილებებში თუ ვის მიეცეს არქივებზე დაშვება და ვის არა, ან რომელ დოკუმენტებზე მიეცეთ მკვლევრებს წვდომა და რომლებზე არა. დამოუკიდებელი საქართველოს უსაფრთხოების სამსახური საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დანაშაულთა მაქსიმალური წარმოჩენით უნდა იყოს დაინტერესებული. ის რომ სახელმწიფოს მიდგომა ამის საპირისპიროა მრავლის მეტყველია. ყოფილა არაერთი შემთხვევა როცა მეცნიერებს წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტებიდან უარს ეუბნებიან არქივებში მუშაობაზე.

  3. სხვადასხვა ტექნიკური მიზეზით არქივები განზრახ ზღუდავენ წვდომას კატალოგებსა და ანაწერებზე. ეროვნული არქივის ონლაინ კატალოგი ისედაც ძალიან შეზღუდულ ინფორმაციას შეიცავს მაშინ როცა შსს-ს (ყოფილი სუკ-ის) არქივს უკვე რამდენიმე წელია არანაირი ვებსაიტი არ გააჩნია. ასევე, უახლესი ისტორიის არქივის კატალოგების მხოლოდ ნაწილია ხელმისაწვდომი.

  4. უკვე 2013 წელს მთავრობამ აკრძალა ყოველგვარი წვდომა საბჭოთა უშიშროების და შსს-ს თანამშრომელთა მონაცემებზე 1970-იანი წლების ჩათვლით. ბოლო თვეების განმავლობაში სოვლაბის მკვლევრებს კანონის დარღვევით უარი ეთქვათ გასცნობოდნენ კომუნისტური პარტიის მასალებს რომლებიც ეხება 1970-იან და 1980-იან წლებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მკვლევრებს ასევე უწევთ მრავალი სხვა შეზღუდვისა და სირთულის პირობებში მუშაობა რომლებიც ერთობლიობაში არქივებში მუშაობას უკიდურესად ართულებს. მათ შორისაა:

  • არქივების ვებსაიტების განუსაზღვრელი პერიოდით გაუქმება – მაგალითად, ყოფილი კგბ-ს არქივის ვებსაიტი უკვე რამდენიმე წელია არ აქვს. მის ონლაინ კატალოგს ისედაც მწირი ინფორმაცია ჰქონდა მაგრამ ახლა საიტი საერთოდ აღარ არსებობს.
  • რთული სამუშაო პირობები – უმრავლეს შემთხვევებში, სამუშაოდ გამოყოფილია ძალიან მცირე ზომის სამკითხველოები და მკვლევრებს უწევთ რიგში დგომა, რომ მოახერხონ მუშაობა. შსს-ს არქივის სამკითხველო განთავსებულია სასროლეთის უშუალო სიახლოვეს. არქივში მომუშავეთ კი უწევთ დილიდან საღამომდე ცეცხლსასროლი იარაღის სროლის სმენა.
  • დღეში შესაძლებელია მხოლოდ 10 საქმის გაცნობა.

სოვლაბი ითხოვს:

  • მკვლევრებს მიეცეთ დოკუმენტებისთვის საკუთარი ტექნიკური საშუალებებით ფოტოების გადაღების შესაძლებლობა. საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, ასლების გადაღება უნდა გახდეს უფასო.
  • გაუქმდეს პერსონალურ მონაცემთა კანონის და ევროპული დირექტივის მცდარი ინტერპრეტაციით შედგენილი რეგულაცია და შეწყდეს 75 წელზე ნაკლები ხანდაზმულობის დოკუმენტებიდან მნიშვნელოვანი დეტალების წაშლის პრაქტიკა.
  • გაუქმდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის არქივების საქმიანობაში ჩარევა.
  • სრულად გამოქვეყნდეს კატალოგები და ანაწერები, საჯარო ინფორმაციის კანონმდებლობის შესაბამისად.
  • სამკითხველოები განთავსდეს ადეკვატურ სივრცეებში.