დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დარჩიაშვილი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ირანს შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს.

მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურებისა და კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოზიტიური პოტენციალი.

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და გამოწვევებს. ყურადღება გამახვილდა რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარების აუცილებლობაზე.

დავოსის ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობითვის ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად 16 იანვარს გაემგზავრა.

მთავრობის ადმინისტრაციის ნცობით, ფორუმზე პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი.

ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.

დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს 120 ქვეყნის წარმომადგენელი და 60-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის ლიდერი ესწრება.