მაჭარაშვილი: „ხალხის ძალა" შესაძლოა პარტიად ჩამოყალიბდეს

პუბლიკა

პოლიტიკური ორგანიზაცია „ხალხის ძალა“ შესაძლოა მალე პარტიად ჩამოყალიბდეს. „განვიხილავთ ამ საკითხს”, – თქვა  „ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.

„განვიხილავთ საკითხს, რასაც ჰქვია „ხალხის ძალის” პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბება. რა თქმა უნდა, უახლოეს პერიოდში საზოგადოება გაიგებს იმას, ჩვენ რა პოლიტიკური სტატუსით წარვდგებით წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ჩვენი ახალი პოლიტიკის ფორმირება გახდა აუცილებელი და ჩვენ ამ ფორმით თუ იმ ფორმით, ამ პოლიტიკით, რასაც ჰქვია ხალხის აქტიური ჩართულობა პროცესებში, მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში”, – თქვა გურამ მაჭარაშვილმა.

გადალახავს თუ არა „ხალხის ძალა” 5%-იან საარჩევნო ბარიერს, მაჭარაშვილს სჯერა, რომ საქართველოს საზოგადოების „აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა იმ პოლიტიკას, რა პოლიტიკაც შექმნა „ხალხის ძალამ”.

როცა „ხალხის ძალა“ „ქართულ ოცნებას” გამოეყო, მისმა წევრებმა თქვეს, რომ პოლიტიკურ პარტიად იმ შემთხვევაში განიხილავდნენ გარდაქმნას „თუ დავინახავთ, რომ ხელისუფლება ომთან დაკავშირებულ წნეხს ვეღარ უძლებს“.

პოლიტიკური ორგანიზაცია „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნებიდან” ფორმალურად წასული დეპუტატების გაერთიანებაა. ის პარლამენტში ისევ უმრავლესობის ნაწილია –  სხდომათა დარბაზში ადგილებს ოპოზიციის მხარეს იკავებენ. თუმცა, ხელისუფლების ოპოზიციაში არ დგანან.

სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა „ოცნებას” ფორმალურად 2022 წლის ზაფხულში გამოეყვნენ.

მას შემდეგ მათ „ქართული ოცნების” სხვა დეპუტატები შეუერთდნენ.

„ხალხის ძალამ” 2022 წლის აგვისტოში ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ საჭირო იყო ქვეყნის დაცვა, სრული მობილიზაცია, საზოგადოების ინფორმირება იმისთვის, რომ „ქვეყანას საბედისწერო ომი თავიდან აერიდებინა“.

„ჩვენი მოძრაობის უმთავრესი მიზანი საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად საზოგადოების სიმართლით აღჭურვა იქნება“ – ხალხის ძალას უნდა ეთქვა, ასევე, ის, „რაც პოლიტიკის კულისებში ვითარდებოდა“.

მათ უნდა ეთქვათ „იმაზე მეტი, იმაზე მეტად, რასაც და, როგორც „ქართული ოცნება” „ვერ იტყოდა“. ევროკავშირზე, ევროპარლამენტარებზე, ამერიკაზე, ელჩებზე და ა.შ”.

„ქართული ოცნებიდან” ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა მას შემდეგ არაერთი ღია წერილი გამოაქვეყნეს და დაიწყეს თავდასხმა საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის საელჩოზე, უკვე ყოფილ ელჩზე – კელი დეგნანზე. თქვეს, რომ „აშშ-ის საელჩო ხელისუფლების გადასატრიალებლად ყველაფერს იკადრებდა”.

სოზარი სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილისა და გურამ მაჭარაშვილის თქმით, ქვეყანაში „პოლარიზაციის პრობლემა სწორედ აშშ-ის საელჩოს მიერ არის მოფიქრებული”. 

ისინი ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ უკრაინას საქართველოს ომში ჩართვა სურდა.

„უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები მოგვიწოდებენ, ჩვენი ქალები და ბავშვები დაიხოცონ, აშშ-ის ელჩი კი ამბობს, რომ საქართველო-უკრაინა ერთად უნდა იდგეს რუსეთის წინააღმდეგ – სკოლის მოსწავლეც მიხვდება, რა იგულისხმება”, – თქვა გურამ მაჭარაშვილმა.

მათ აშშ ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესების გამოც გააკრიტიკეს.

„ბუმერანგივით მოუბრუნდათ და ამოუბრუნდება კიდევ უფრო მძიმედ  აშშ-ს ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ არ შეიძლება, რომ პარტნიორულ ქვეყანაში, სუვერენულ ქვეყანაში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მოსამართლეებზე ასე უარგუმენტოდ დააწესო ნებისმიერი სახის სანქცია“, – თქვა გურამ მაჭარაშვილმა.

„ქართული ოცნება” ფაქტობრივად არასდროს ემიჯნება „ხალხის ძალის” არცერთ განცხადებას.

რუსული კანონი პარლამენტში სწორედ „ხალხის ძალამ” დააინიციირა. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველოში არსებული მედიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს, რომლებიც პარტნიორი ქვეყნებიდან დაფინანსებას იღებენ, „უცხოური გავლენის აგენტად” დარეგისტრირება მოუწევდათ.