ევროპული საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტმა გამოაქვეყნა ანგარიში კლინიკა „ვივამედის” დაცული პალატების შესახებ, სადაც მსჯავრდადებულები მკურნალობენ.
წამების პრევენციის კომიტეტის წარმომადგენლები „ვივამედში” 2023 წლის 25-27 მარტს იმყოფებოდნენ.
ანგარიშის თანახმად, კომიტეტის დელეგაციის კლინიკაში ვიზიტის პერიოდში მათ არ მიუღიათ ინფორმაცია თანამშრომლების მხრიდან პაციენტების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე.
მე-4 და მე6 სართულებზე ვითარება მშვიდი იყო. არაერთმა პატიმარმა დადებითად ილაპარაკა პერსონალის შესახებ. პრობლემა არ ყოფილა თავად პაციენტებს შორის ერთმანეთზე ძალადობა.
თუმცა, დელეგაციას ეცნობა 2 საჩივარზე, რომლითაც სახალხო დამცველის ოფისს „ვივამედის” პატიმარმა პაციენტებმა მიმართეს. პირველი საჩივრის თანახმად, პაციენტმა იჩივლა, რომ 2022 წლის 10 ოქტომბერს სასჯელაღასრულების თანამშრომლებმა მასზე სიტყვიერად და ფიზიკურად, მათ შორის, სექსუალურად იძალადეს. მეორე საჩივარში ნათქვამია, რომ 2022 წლის 22 ოქტომბერს ასევე ბადრაგმა სიტყვიერად შეურაცხყვეს სხვა პაციენტი, იძულებით მოხსნეს მის მუცელზე დამაგრებული კათეტერი და სცადეს, სიგარეტი ჩაექროთ მის გენიტალიებთან ახლოს, შემდეგ კი – მხარზე.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ორივე შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება.
რაც შეეხება მესამე პაციენტს, რომელზეც წამების პრევენციის კომიტეტი დასკვნაში საუბრობს, მიხეილ სააკაშვილია. ის მოხსენიებულია, როგორც პაციენტი C. კომიტეტი წერს, რომ შეშფოთებულია მის მიმართ სავარაუდო ფიზიკურ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით იმ ოფიცრების მხრიდან, რომლებმაც ექსპრეზიდენტი რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
წამების პრევენციის კომიტეტი ანგარიშში წერს, რომ კლინიკა „ვივამედში“, დაცულ ნაწილში, საყოფაცხოვრებო პირობები მთლიანად ადეკვატურია. პაციენტებს აქვთ კარგი ზომის ოთახები, სადაც შენარჩუნებულია სისუფთავე. არის კარგი ხარისხის ვენტილაცია და ხელოვნური განათება, კარგი საშხაპეები და ტუალეტები, სარეცხი სივრცეები. საკვებიც და ტანსაცმელიც უპრობლემოა.
თუმცა, დოკუმენტის თანახმად, ეს ასე არ ყოფილა კლინიკის იმ ნაწილში, სადაც პაციენტი C არის, სადაც „ფანჯრები იშვიათად იღებოდა, ხოლო დაბურული შუშები მას გარეთ გახედვის საშუალებას ართმევდა. თუმცა, 2023 წლის 12 აპრილს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა კომიტეტს აცნობეს, რომ შუშა შეიცვალა. ეს პოზიტიური ნაბიჯია.
კომიტეტი მიესალმება, რომ პაციენტი C-ის სამყოფელში ავეჯი შეიტანეს, მათ შორის, ტახტი, მაგიდა, სკამები და მაცივარი. თუმცა, მეოთხე და მეექვსე სართულებზე ასე არ არის. კომიტეტი საკითხის მოგვარების რეკომენდაციას გასცემს.
წამების პრევენციის კომიტეტი ასევე მიუთითებს, რომ მიხეილ სააკაშვილის პალატა კლინიკაში შეიძლება, მიჩნეულ იქნას სამარტოო საკნად.
„იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ჩამორთმეული აქვთ სუფთა ჰაერზე გასვლის უფლება, აკლიათ მზის სხივები. ეს არა მხოლოდ ფიზიკურად არის დამთრგუნველი, არამედ – ანტითერაპიულია.
მეტიც, ზოგიერთი პაციენტი კლინიკაში არა რამდენიმე დღით, არამედ თვეობით ჩერდება. პაციენტი C „ვივამედშია” 9 თვეზე მეტია. მისი პალატა ჯამში 20 კვადრატული მეტრია”, – წერია ანგარიშში.
კომიტეტი რეკომენდაციას გასცემს, პაციენტები გაიყვანონ გარეთ.
ასევე, ანგარიშის თანახმად, „შემაშფოთებელი იყო სამედიცინო ისტორიის და ჩანაწერების საკითხი, რომელიც კლინიკაში უზრუნველყოფილი არ არის, განსაკუთრებით, პაციენტ C-სთან დაკავშირებით. კომიტეტის დელეგაციამ შეამჩნია, რომ ყველა ექიმს თავისი ჩანაწერები ჰქონდა. თუმცა, ზოგადად, პაციენტების სამედიცინო ისტორია ქაოსურად იყო მიმოფანტული სხვადასხვა ფაილებსა თუ ქაღალდებში”.
წამების პრევენციის კომიტეტმა ხაზი გაუსვა ინდივიდუალური მკურნალობის გეგმებისა და მულტი-დისციპლინარული მიდგომების ნაკლებობას – ექიმებმა არ იციან ან ცოტა ინფორმაცია აქვთ იმაზე, თუ რას აკეთებს ამა თუ იმ პაციენტთან სხვა სპეციალობის ექიმი.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კომიტეტის ანგარიშში სერიოზულ ხარვეზად არის მიჩნეული, რომ კლინიკას არ ჰყავდა დასაქმებული არც ფსიქიატრი და არც კლინიკური ფსიქოლოგი.
„საჭიროების შემთხვევაში კლინიკას შეეძლო ასეთი სპეციალისტის მომსახურების მიღება კლინიკის მიღმა კონსულტანტებისგან, მაგრამ პაციენტის სიტუაცია იძლევა მტკიცებულებას, რომ პრაქტიკაში ამან კარგად არ იმუშავა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალებში შესვლის სურვილის გარეშე, ფსიქიატრიული დახმარების შეთავაზება, საუკეთესო შემთხვევაში, აშკარად მწირი და სპონტანური იყო. კომიტეტი რეკომენდაციას იძლევა, გადაიდგას ნაბიჯები ფსიქიატრიულ დახმარებასთან წვდომის გასაუმჯობესებლად პატიმრებისთვის, რომლებიც ვივამედის კლინიკის მკაცრი რეჟიმის პალატებში არიან გადაყვანილი”.
ასევე, ანგარიშის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის პალატაში CCTV კამერებია განთვსებლი, რითაც დაირღვა მისი პირადი სივრცე, მის ადამიანურ ღირსებას შეურაცხყოფა მიაყენეს.
კომიტეტი მიუთითებს, რომ სათვალთვალო კამერები განთავსებულია სააკაშვილის პალატის ყველა ოთახში, გარდა აბაზანისა და საპირფარეშოსი, მათ შორის საძინებელ ოთახშიც.
“კამერების ამ განლაგებამ არამხოლოდ დაარღვია პაციენტის პირადი სივრცე, არამედ შეურაცხყოფა მიაყენა მის ადამიანურ ღირსებას”. – წერია ანგარიშში.
კომიტეტის მიხედვით, კამერები განთავსებულია ყველა იმ ოთახში, სადაც სააკაშვილს სამედიცინო პროცედურები უტარდება, რაც მის სამედიცინო კონფიდენციალურობას არღვევს. ამასთან, კომიტეტი აღნიშნავს, რომ პაციენტისთვის თვალ-ყურის დენებას არანაირი სამედიცინო დანიშნულება არ აქვს. კამერებზე წვდომა მხოლოდ ბადრაგებს აქვთ და სამედიცინო პერსონალს კამერების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.
ანგარიშში შეჯამების სახით წერია:
„ვივამედის კლინიკის მე-4, მე-5 და მე-6 სართულებზე უსაფრთხოების ზომები იყო გადამეტებული, რაც შეუთავსებელია მკურნალობის სათანადო გარემოსთან. მე-5 სართულზე უსაფრთხოების პროცედურები იწვევდა სამედიცინო კონფიდენციალურობის სრულ უარყოფას, რამაც დააზიანა ნდობა პაციენტსა და ჯანდაცვის პერსონალს შორის. ამან კი ძირი გამოუთხარა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის გაუმჯობესების პერსპექტივებს.
ეს სავალალო მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა წესებმა, რომელიც არეგულირებს პაციენტთა სამედიცინო მონაცემებისადმი მოპყრობას. პაციენტების თანხმობას მოითხოვდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ სამედიცინო ინფორმაცია მათი ადვოკატებისთვის მიეწოდებინათ, საპირისპირო შემთხვევაში, გადაწყვეტილებას სამედიცინო დახმარებასთან წვდომაზე იღებდა სპეციალური პენიტენციური სამსახური, რაც იმ პრინციპის აშკარა დარღვევაა, რომლის თანახმადაც, არასამედიცინო პერსონალს მსგავსი ინფორმაცია მხოლოდ მკაცრი მოთხოვნის აუცილებლობის საფუძველზე უნდა მიეწოდოს”.