„ჩინეთთან ყველა ევროპული სახელმწიფო, მათ შორის ევროკავშირი დაინტერესებულია, რომ მოხდეს გაღრმავება ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების, ამიტომ, ჩვენი ინტერესია, რომ ჩვენ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე ვიფიქროთ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში ჟურნალისტებს განუცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, დავოსის ფორუმის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა, სადაც განხილული იყო როგორც პოლიტიკური საკითხები, ასევე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი.
„ჩვენ ასევე მოვისმინეთ შეფასებები მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი ეკონომისტების, ექსპერტების მხრიდან. წელს მოსალოდნელია, რომ მსოფლიოს ეკონომიკა გაიზრდება 3 პროცენტით. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ჩინეთის ეკონომიკის სწრაფ ზრდას, რომელსაც ასევე ექნება გადამდები ეფექტი სხვა დანარჩენ რეგიონებზე და მთლიანად მსოფლიო ეკონომიკაზე. ჩინეთთან ჩვენ გვაქვს ძალიან წარმატებული ურთიერთობა, გასულ წელს მე ვიყავი ჩინეთში და ჩვენ სტრატეგიულ დონეზე ავიყვანეთ ჩვენი პარტნიორობა.
ჩინეთთან ყველა ევროპული სახელმწიფო, მთლიანად ევროკავშირი დაინტერესებულია, რომ მოხდეს გაღრმავება ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების, ამიტომ, ჩვენი ინტერესია, რომ ჩვენ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე ვიფიქროთ. კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. დავძლიოთ ის სირთულეები, რომელიც ჯერ კიდევ არის, იქნება ეს სიღარიბე თუ უმუშევრობა კიდევ უფრო მეტად უნდა შევამციროთ“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის კომენტარს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
ღარიბაშვილი დავოსის ეკონომიკურ ფორუმს ესწრება.