დღეს, 22 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, კარტოგრაფების საქმეზე მოწმის სახით საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია გამოიკითხა.
დარსალია 2019 წლიდან სადემარკაციო-სამილიტაციო კომისიის თავმჯდომარეა.
“სასამართლოში მსჯელობა უშუალოდ ჩემი თავმჯდომარეობის პერიოდს ეხებოდა, რომელიც 2019 წლიდან იწყება. მსჯელობის საგანი იყო ის, თუ როგორ და რა სახით ხელმძღვანელობდა კომისია.
კომისიაში თავიდანვე არსებობდა ორი სხვადასხვა პოზიცია, გამოყენებული ყოფილიყო თუ არა სხვადასხვა ტიპის მასალები. მთავარი საკითხია, სად გადიოდა 1938 წლის ხაზი და ნებისმიერი მასალა, რომელიც ადასტურებს, თუ სად გადის 38 წლის ხაზი, რელევანტურია“. – თქვა ლაშა დარსალიამ.
მან ასევე თქვა, რომ ვერავის ბრალეულობას ვერ შეაფასებს. თუმცა, ამბობს, რომ 2019 წლიდან საზღვრის დამდგენი კომისია „ეყრდნობა ყველა მასალას, რომელიც რელევანტურია“.
„კითხვები ეხებოდა იმას, თუ რა ლოგიკით და პრინციპით ხელმძღვანელობს კომისია. ის ერთი, 1996 წელს შეთანხმებული პრინციპით ხელმძღვანელობს, რომ მხარეები 38 წლის ხაზს იყენებენ. ნებისმიერი მასალა, რომელიც ამ ხაზს ადასტურებს, რელევანტურია, დანარჩენი ექსპერტების შეფასებაა.
მათ შორის, 1:200000-იანი რუკა იქნა წარმოდგენილი, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება ჩვენი მხრიდან კომისიაზე. ეს მასალები, აზერბაიჯანულ მხარეს 2020 წელს წარვუდგინეთ და დაახლოებით ამ პერიოდში იყო მისი დედნები წარმოდგენილი”. – თქვა ლაშა დარსალიამ.
ივერი მელაშვილის ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის თქმით, ლაშა დარსალიამ დაადასტურა ის, რომ მისი მონაწილეობით არაერთხელ განხილულა და თქმულა იმის შესახებ, რომ 1996 წელს „ქართული მხარის პოზიცია საზღვრის ხაზთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა 1938 წლის საზღვრის ხაზზე, რომელიც დაბეჭდილი იყო 1942-43 წლის 1:100 000-იანი მასშტაბის რუკებზე”.
„[დარსალიამ] ვერ დაასახელა ვერც ერთი მონაკვეთი, სადაც საზღვარი შეთანხმებულია აზერბაიჯანულ მხარესთან და რომლის გადახედვასაც დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრო განიხილავს, ან მიაჩნია, რომ არის უკანონო, ან არის ქართული მხარის ინტერესის დამაზიანებელი.
მოწმემ ვერ თქვა და ვერ დაასახელა ვერცერთი კონკრეტული შემთხვევა, როდესაც ბრალდებულებს, ამ შემთხვევაში ბატონ ივერი მელაშვილს, რაიმე სახის პოზიცია ჰქონოდა ან რაიმე სახის მოლაპარაკებებში ყოფილიყო, სადაც საქართველოს ინტერესი დაზიანებულიყო”. – თქვა გიორგი მშვენიერაძემ.
2020 წლის 7 ოქტომბერს დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მათ არასწორი რუკები გამოიყენეს, „საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალდების შინაარსს არ ეთანხმებიან.
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმებულია საზღვრის 446 კილომეტრიანი ზოლიდან 294 კილომეტრი, 152 კილომეტრი – შეუთანხმებელი. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის 16 ტაძრიდან 3 – ჩიჩხიტური, უდაბნო და ბერთუბანი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მას შემდეგ მოექცა, რაც 1922 წელს ბოლშევიკებმა აზერბაიჯანს ყარაის ველი დაუთმეს. 1994 წლიდან აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენაზე ორმხრივი კომისია მუშაობს. კომისიას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტრო ხელმძღვანელობს.
პროკურატურის მტკიცებით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ, არ იყენებდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკას, მასშტაბით 1:2 000 000 და რომ მელაშვილმა და ილიჩოვამ “მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1:50 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებითად ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან”.
პროკურატურამ გამოძიება თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული რუკების საფუძველზე დაიწყო, რომელიც მათ, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული, რუსეთში მომუშავე ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის დახმარებით მოიპოვეს.
1:2 000 000-იანი მასშტაბის რუკა, რომლის არგამოყენებასაც პროკურატურა კარტოგრაფებს ედავება, ტერიტორიაზე არსებულ რეალობას არ შეესაბამება და 300-800 მეტრიან ცდომილებას იძლევა.
ბრალდების მხარის მიერ სწორად მიჩნეული რუკის შეუსაბამობა დაადასტურა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამაც.
კარტოგრაფების საქმე „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიისთვის გამოიყენა. რამდენიმე თვის განმავლობაში სამთავრობო არხის, „იმედის” ეკრანს არ შორდებოდა წარწერა „გარეჯი საქართველოა” სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში მოხდა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის ბრალის წარდგენა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მუხლით, მათი დაპატიმრება და საქმის განხილვის დაწყება.
2021 წლის 28 იანვარს დაკავებული კარტოგრაფები სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. პროკურატურის თქმით, გამოიკვეთა, რომ ისინი ზემდგომის დავალებას ასრულებდნენ, ამიტომ კარტოგრაფების დაკავების საჭიროება არ არსებობდა.
საქმის სასამართლო განხილვა გრძელდება. თუმცა, სხდომებს შორის მრავალთვიანი პაუზებით.