აკადემიური სფეროს წარმომადგენლები თეოლოგს, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელს, ბექა მინდიაშვილს მხარდაჭერას უცხადებენ.
ისინი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურებიან – პარლამენტის თავმჯდომარემ 20 იანვარს თქვა, რომ „ჩართულია და „სულის ჩამდგმელია” რელიგიური ნიშნით თავდასხმის კამპანიის” და რომ „მინდიაშვილს აქვს მტრული რიტორიკა მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ და გამოირჩევა რელიგიური შეუწყნარებლობით”.
გთავაზობთ აკადემიური სფეროს წარმომადგენლების განცხადებას სრულად:
„ბოლო ხანს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ბატონმა შალვა პაპუაშვილმა რამდენიმე განცხადება გაავრცელა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებული მოვლენების, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრისა და მისი ხელმძღვანელის, ბატონ ბექა მინდიაშვილის შესახებ. გარდა იმისა, რომ კონსტიტუციური დემოკრატიის პირობებში უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ მსგავსი დისკუსიის წამოწყება ან მასში მხარედ მონაწილეობა ცალსახად ანტისეკულარული აქტია და თანაბრად აზიანებს როგორც მორწმუნეთა უფლებებს, ასევე, რელიგიურ ინსტიტუტებსა და თვით სახელმწიფოს, უშუალოდ მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები არსებითად პოლიტიზებული და მცდარია, ხოლო ერთადერთ შედეგად დაპირისპირებასა და პიროვნული თუ ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ხელყოფას იწვევს.
შესაბამისად, რელიგიის თავისუფლების, თეოლოგიისა და რელიგიის კვლევების აკადემიური სფეროს წარმომადგენლები აუცილებლად მივიჩნევთ გამოვეხმაუროთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს.
უპირველეს ყოვლისა, რელიგიის შესახებ საჯარო მსჯელობა, მათ შორის, თეოლოგიური დისკუსია, როგორი კრიტიკული და მწვავეც უნდა იყოს ის, წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტსა და სიმდიდრეს, რაც დაცულია აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებით და ხორციელდება პოლიტიკური ძალაუფლებისაგან ავტონომიურ რელიგიურ და აკადემიურ სივრცეებში. ამდენად, ხელისუფლების მიერ ამ დაცულ სივრცეთა კონტროლი, ადამიანის აზრისა თუ შეხედულებების ცენზურა და მათი გამოხატვის გამო ცალკეული პირებისა თუ ინსტიტუტების ეკლესიისა და სახელმწიფოს მტრებად მიჩნევა სეკულარიზმის იმ ფუნდამენტური პრინციპის ხელყოფაა, რომელიც საერთაშორისო აქტებთან ერთად, საქართველოს კონსტიტუციითაც არის გარანტირებული.
შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და სხვა უმაღლესი პოლიტიკური თუ საჯარო თანამდებობის პირებს, მიუკერძოებლად უერთგულონ საქართველოს კონსტიტუციით მათზე ნაკისრ რელიგიური ნეიტრალიტეტისა და სეკულარიზმის პრინციპებს, თავი შეიკავონ ინტერრელიგიურ დიალოგებსა და შიდაკონფესიურ დისკუსიებში ჩარევისგან, პატივი სცენ რელიგიის ავტონომიურ სფეროს და პიროვნების აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებას.
გარდა აღნიშნულისა, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ჩარევა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის საქმიანობაში, ხოლო მისი ხელმძღვანელის, ბატონ ბექა მინდიაშვილის გამოცხადება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სახელმწიფოს მტრად. დემოკრატიული სახელმწიფოს ხელისუფლებას კარგად უნდა ესმოდეს, რომ საქართველოს სახალხო დამცველი წარმოადგენს დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ინსტიტუტს, რომლის საქმიანობაშიც პირდაპირი პოლიტიკური შეჭრა და უხეში სახელისუფლებო კონტროლი არღვევს საქართველოს კონსტიტუციით ამ ინსტიტუტისათვის გარანტირებულ ავტონომიას და უკიდურესად მაღალ რისკებს უქმნის მის მანდატს, – სათანადოდ განახორციელოს ადამიანის უფლებათა დაცვის მიუკერძოებელი ზედამხედველობა. უშუალოდ ტოლერანტობის ცენტრის საქმიანობის ანტისახელმწიფოებრივად შეფასება, თავის მხრივ, წარმოადგენს შეტევას ინსტიტუტზე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში სწორედ რელიგიური სივრცის დამოუკიდებლობისა და ავტონომიურობის დაცვით ქმნიდა და დღემდე ქმნის რელიგიათა შორის მშვიდობიანი დიალოგის უნიკალურ გამოცდილებას და უზრუნველყოფს შემწყნარებლობის კულტურის განვითარებას.
და ბოლოს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მხრივ პირადი თავდასხმა ცენტრის ხელმძღვანელზე რთულად შეიძლება შეფასდეს სხვა რამედ, თუ არა სახელმწიფოს მიერ პიროვნების ღირსების ხელყოფად და მის მონიშვნად პოლიტიკური დევნისა და სიძულვილის სამიზნედ, რაც ანადგურებს არა მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციურ ღირებულებებს, არამედ წარმოადგენს ცივილიზებული საზოგადოებისათვის პრინციპულად მიუღებელ ანტიჰუმანურ აქტს.
შესაბამისად, მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ ტოლერანტობის ცენტრს და მის ხელმძღვანელს, ბატონ ბექა მინდიაშვილს და მივმართავთ საქართველოს სახალხო დამცველს, ბატონ ლევან იოსელიანს, ინსტიტუციის პოლიტიკური ხელისუფლებისაგან ავტონომიურობის დაცვით, კვლავაც ურყევად განაგრძოს დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებათა მტკიცე ერთგულება.
განცხადებას ხელს აწერენ:
- პროფ. არჩილ მეტრეველი, სამართლის დოქტორი
- პროფ. დიმიტრი გეგენავა, სამართლის დოქტორი
- პროფ. გიორგი გორაძე, სამართლის დოქტორი
- პროფ. გოჩა ბარნოვი, თეოლოგიის დოქტორი
- პროფ. ვაჟა ვარდიძე, თეოლოგიის დოქტორი
- პროფ. თამარ გრძელიძე, თეოლოგიის დოქტორი
- პროფ. ეკა ჭყოიძე, ფილოსოფიის დოქტორი
- პროფ. სოფო ზვიადაძე, ფილოსოფიის დოქტორი
- პროფ. ნუგზარ ბარდაველიძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
- პროფ. ბეჟან ჯავახია, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
- პროფ. დავით თინიკაშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
- პროფ. ავთანდილ ჯოხაძე, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი
- ტატიანა კოპალეიშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
- მირიან გამრეკელაშვილი, თეოლოგიის დოქტორი
- ზურაბ ჯაში, თეოლოგიის დოქტორი
- გიორგი მელაშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი
- გურამ ლურსმანაშვილი, თეოლოგიის მაგისტრი, ვენის უნივერსიტეტის დოქტორანტი
- ალექსანდრე გაბუნია, თეოლოგიის მაგისტრი, ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი
- შოთა კინწურაშვილი, თეოლოგიის ლიცენციატი, მიუნხენის უნივერსიტეტის დოქტორანტი
- მიხეილ ნებიერიძე, თეოლოგიის მაგისტრი, აიხშტადტის უნივერსიტეტის დოქტორანტი
- ასისტ. ცისია ოქროპირიძე, სამართლის მაგისტრი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დოქტორანტი
- ასისტ. თენგიზ თევზაძე, სამართლის მაგისტრი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დოქტორანტი
- არჩილ ჯანგირაშვილი, სამართლის მაგისტრი, საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტი
- ქეთევან გეგიაძე, სამართლის მაგისტრი, საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტი
- ლუკა ბიბინეიშვილი, საერთაშორისო სამართლის მაგისტრი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დოქტორანტი
- სანდრო-გიორგი სარუხანიშვილი, სამართლის მაგისტრი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დოქტორანტი
- ჯამლათ გვიდიანი, სამართლის მაგისტრი (კიოლნის უნივერსიტეტი), სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დოქტორანტი
- ქეთევან ბახტაძე, სამართლის მაგისტრი, საბაუნის მოწვეული ლექტორი
- დავით ნებიერიძე, თეოლოგიის მაგისტრი, ათენის უნივერსიტეტი
- გიორგი გონგლაძე, თეოლოგი, სულხან-საბას ორბელიანის უნივერისტეტის მაგისტრანტი
- ივანე შოშიაშვილი, თეოლოგი, ათენის უნივერსიტეტის მაგისტრანტი
- გიორგი ლელუაშვილი, „ჰოლი ქროსის“ ბერძნული კოლეჯის მაგისტრანტი (ბოსტონი, აშშ)
- ბექა ჭიჭინაძე, ისტორიკოსი, პარიზის კათოლიკური ინსტიტუტი
- გიორგი გეგუჩაძე, თეოლოგი, ათენის უნივერსიტეტი
- გურამ პაპავა, თეოლოგი, ათენის უნივერსიტეტი
- რატი ბიგანიშვილი, თეოლოგი, ათენის უნივერსიტეტი