„საქართველო პუტინის გზას მიჰყვება”, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას POLITICO, რომელშიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ანგარიშია მიმოხილული.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ პუტინის ომი უკრაინასთან ჰყოფს ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოს და მიუხედავად ბოლო წლებში აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გამყარებისა, ზოგიერთი ქვეყანა უახლოვდება ევროკავშირს, ზოგი კი, მათ შორის საქართველო, „სიამოვნებით მიჰყვება რუსეთის ავტორიტარიზმის გზას“.
„დიქტატურები თუ ავტოკრატიული რეჟიმები სწავლობენ ერთმანეთისგან, ჩვენ ეს საქართველოშიც ვნახეთ”, – ამბობს POLITICO-სთან პარტნიორობის ფორუმის წევრი, ალექსანდრა საბუ.
ის იხსენებს საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსული კანონის შემოღების მცდელობას და ამბობს, რომ „კანონი ერთგვარი კოპირება იყო რუსეთიდან“.
„2023 წლის მარტში საქართველომ პუტინის სტილის უცხოელი აგენტების კანონის დანერგვა სცადა, რასაც ქვეყნანაში პროტესტი მოჰყვა. კანონი იყო „ერთგვარი კოპირება რუსეთიდან, ზოგიერთი… ადგილობრივი ელემენტებით – მაგრამ მსგავსება აშკარა იყო”, – აცხადებს საბუ.
POLITICO-ს მასალაში წერია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველომ „განიცადა ჩაძირვა დემოკრატიის, კარგი მმართველობისა და პოლიტიკის დაახლოების კუთხით, რაც აისახება ქვეყნის პოლიტიკურ პოლარიზაციაში“.
POLITICO ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომ მაშინ, როცა საქართველო ნელ-ნელა შორდება ევროკავშირს, „უკრაინა და მოლდოვა სტაბილურად ახორციელებენ ისეთ სისტემურ ცვლილებებს, რომელსაც ბრიუსელი გაწევრიანების გზის გასაგრძელებლად მათგან მოელის”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
ანგარიშს სრულად გაეცანით ბმულზე.