„მთის ამბების" რედაქტორს, გელა მთივლიშვილს მოსამართლემ 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

პუბლიკა

მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა, ჟურნალისტს და „მთის ამბების” რედაქტორს, გელა მთივლიშვილს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 25 იანვარს გაიმართა, მოსამართლემ გადაწყვეტილება კი დღეს გამოაცხადა.

ჟურნალისტი 23 იანვარს კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას დააკავეს. ის დაახლოებით 6 საათის განმავლობაში იყო დაკავებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მას პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა. სამართალდარღვევა 2000-დან 3000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

ჟურნალისტი ამბობს, რომ მას კანონი არ დაურღვევია და დაკავების შემდეგ პოლიციელებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს.

მისივე თქმით, აქვს მის მიერვე გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც ადასტურებს, რომ ის ყოველგვარი განმარტების, მოთხოვნის გარეშე დააკავეს და პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი შეუშალეს.

პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტს საგამოძიებო სამსახური იძიებს. გამოძიების ფარგლებში სამსახურმა გუშინ გამოჰკითხა გელა მთივლიშვილი, რომელიც პოლიციელების დასჯას მოითხოვს პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლისა და ძალადობის გამო.

„ტელეფონით ვიღებდი ამას და როდესაც დამინახეს, ერთ-ერთმა პოლიციელმა მკრა ხელი, მიმახეთქა ხეს. როდესაც ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვარ და რატომ მარტყამ-მეთქი, გამწარდნენ, რამდენიმე პოლიციელი დამეხვია, შემაგდეს მანქანაში და დავვარდი იატაკზე. ისეთი ძალით შემაგდეს, სავარძელზე ვერ დავჯექი და რადგან იატაკზე დავვარდი, ადგომას ვცდილობდი და ეგონათ, წინააღმდეგობას ვუწევდი.

ყვიროდნენ, წინააღმდეგობას გვიწევო. ვეუბნებოდი, ნუ ძალადობდნენ, იმიტომ, რომ გავყვებოდი, დავჯდებოდი და დავემორჩილებოდი. კიდევ ერთხელ განვუმარტე, რომ ვიყავი ჟურნალისტი. ამის შემდეგ, როდესაც მათგან მოვითხოვე, კი არ განმიმარტეს, იქით მოვითხოვე განმარტება, რის საფუძველზე დამაკავეს.

ამ დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, იყო 5 პოლიციელი, ერთი იჯდა საჭესთან საპატრულო პოლიციის ფორმით, 4 იყო კრიმინალური პოლიციის ფორმით. მათი სახელები, სამწუხაროდ, არ ვიცი. ამ 5-დან სამი განსაკუთრებით აგრესიული იყო, ერთი უკანიდან მწვდა კისერში, მეორე წინიდან. ჩვეულებრივი ველურებივით იქცეოდნენ. ვწუხვარ ასეთი ტიპის შეფასებისთვის. მეგონა, მახრჩობდნენ. პირველად აღმოვჩნდი ასეთ სიტუაციაში ამ ხელისუფლების პირობებში, მაგრამ დაკავების ასეთი ამბავი ჟურნალისტის მიმართ მით უმეტეს არ მახსოვს.  რაღაც მომენტში ცოტა გავიაზრე, რამე არ დამმართონ, რამე არ ჩამარტყან, ისეთი აგრესიულები იყვნენ“, – ამბობს მთივლიშვილი.

თბილისში კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახი აღსრულების პოლიციამ 23 იანვარს ძალის გამოყენებით გამოასახლა. სადარბაზოსა და ბინაში შესასვლელად უწყების წარმომადგენლებმა კუთხსახეხი, ე.წ. ბალგარკა და რკინის სხვა ხელსაწყოები გამოიყენეს.

მოქალაქეებსა და აღსრულების პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე საათს გრძელდებოდა. რამდენიმე ადამიანს სამედიცინო დახმარების აღმოჩენაც დასჭირდა. აქციის რამდენიმე მონაწილემ კი პროტესტის ნიშნად აღსრულების პოლიციის მანქანის ფანჯრები ჩაამტვრია.

შსს-მ ჯამში 20 ადამიანი დააკავა, 18 პირი – ადმინისტრაციული წესით. 2 პირი – მოძრაობა „ხმის“ წევრები, კაკო ჩიქობავა და გიორგი ხასაია, სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მათ ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ედავებიან. აღნიშნული მუხლი  სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოცხადდეს სასწრაფო მორატორიუმი ყველა ჩანიშნულ გამოსახლებაზე“ – ასეთია მოთხოვნა მოქალაქეებისა, რომლებიც გამოსახლების წინააღმდეგ მოძრაობაში ერთვებიან.