ტეხასის კრიზისი — რა ხდება აშშ-ში 

პუბლიკა

აშშ-მექსიკის საზღვრის გასწვრივ ლოგისტიკური და ჰუმანიტარული კრიზისია, რაც, თავის მხრივ, კონსტიტუციურ კრიზისს იწვევს – ტეხასის შტატის ხელისუფლება აშშ-ის ფედერალურ მთავრობას უპირისპირდება. უთანხმოების საკითხი მიგრაციაა და ის, თუ ვის უნდა ჰქონდეს იურისდიქცია აშშ-მექსიკის საზღვრის ნაწილზე.

დაპირისპირება 10 იანვრიდან გაძლიერდა, როცა ტეხასის შტატის ხელმძღვანელებმა აშშ-ის სასაზღვრო პატრულს Eagle Pass-ის ტერიტორიაზე – საზღვრის 2.5 მილის ნაწილზე მუშაობა აუკრძალეს. Eagle Pass-ს აშშ-ის ტერიტორიაზე გადასასვლელად მიგრანტების დიდი ნაწილი იყენებს. ეს ტერიტორია მოიცავს შელბის პარკს – საქალაქო პარკს მდინარე რიო გრანდეს გაწვრივ – ის ჭიშკრით და ეკლიანი მავთულხლართით შემოღობეს.

12 იანვარს, მას შემდეგ, რაც ტეხასის სამხედრო დეპარტამენტმა „დაიკავა და დაიცვა შელბის პარკი”, რიო გრანდეში დედა და მისი 2 შვილი დაიხრჩო. ახლა ტეხასი და აშშ-ის ფედერალური ხელისუფლება ერთმანეთს ადანაშაულებს ისეთი გარემოებების შექმნაში, რომელმაც ხელი შეუწყო მსგავს ტრაგედიას. მათთან ერთად იყო კიდევ 2 მიგრანტი – ისინი სასაზღვრო პატრულმა გადაარჩინა. მოგვიანებით საზღვრის გადაკვეთა კიდევ 2-მა ადამიანმა სცადა – მათი გადარჩენა მექსიკურმა მხარემ შეძლო.

CNN-ის თანახმად, 15 იანვარს სასაზღვრო საპატრულო აგენტი მოძრაობდა საზღვრის გასწვრივ, როცა ის ტეხასის ეროვნული გვარდიის წევრმა გააჩერა და გამოკითხა. იმავე დღეს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ აშშ-ის უზენაეს სასამართლოს მიმართა, მიგრანტების დახრჩობის დეტალები წარუდგინა და ვითარებაში ჩარევა მოსთხოვა.

„3 ადამიანის დახრჩობა, ისევე, როგორც 2 სხვა მიგრანტის გადარჩენა მდინარე რიო გრანდეს აშშ-ის მხარეს მექსიკის წარმომადგენლების მიერ ხაზს უსვამს, რომ ტეხასი მტკიცეა მცდელობაში, გააგრძელოს მუშაობა, რათა სრული კონტროლი აიღოს საზღვარსა და ხმელეთზე და სასაზღვრო პატრული არ მიშუშვას საზღვართან გადაუდებელ სიტუაციებშიც კი”. – ნათქვამია სარჩელში.

აშშ-ის სახელმწიფოს ინტერესების დამცველი უზენაეს სასამართლოში, ელიზაბეტ პრელოგარი სარჩელში მიუთითებს, რომ „შეუძლებელია იმის თქმა, რა მოხდებოდა, სასაზღვრო პოლიციას საზღვარზე ის წვდომა რომ ჰქონოდა, რაც მანამდე. თუმცა, სულ მცირე – მათ ექნებოდათ შესაძლებლობა, გადაედგათ ნაბიჯები თავიანთი მოვალეობის შესასრულებლად და დახმარებოდნენ მექსიკელ კოლეგებს სამაშველო მისიაში. ტეხასმა ეს შეუძლებელი გახადა”.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა 17 იანვარი დააწესა ბოლო დღედ, როცა ტეხასის ხელმძღვანელობას უნდა შეეწყვიტა Eagle Pass-ის ბლოკადა და ფედერალური აგენტებისთვის უფლება მიეცა, აღედგინათ პატრულირება. თუ ტეხასი ასე არ მოიქცეოდა, „აშშ-ის უსაფრთხოების დეპარტამენტი იუსტიციის დეპარტამენტს მიმართავდა შესაბამისი ზომების მიღების მოთხოვნით”.

მაგრამ ტეხასის გენერალური პროკურორომა, კენ პაქსტონმა თქვა: “ტეხასი არ დანებდება”.

17 იანვარსვე ტეხასმა დააპატიმრა მიგრანტები შელბის პარკში და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე დაიწყო საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით.

22 იანვარს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 5 ხმით 4 წინააღმდეგ ნება მისცა სასაზღვრო პოლიციას, მოხსნას ეკლიანი მავთულხლართები შელბის პარკის ტერიტორიიდან.

თავის მხრივ, სასამართლოს სასაზღვრო პოლიციის წინააღდეგ ტეხასის შტატმაც მიმართა და მავთულხლართების მოშლა გააპროტესტა – ტეხასი მიიჩნევს, რომ „ამან უკანონოდ გაანადგურა სახელმწიფო ქონება და შეარყია უსაფრთხოება”.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი მიესალმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა, ტეხასის შტატი „უკან დახევას” ისევ არ აპირებს.

„ეს საქმე არ დასრულებულა. ტეხასის ეკლიან მავთულხლართები იმ უკანონო საზღვრის კვეთების ეფექტიანი შემაკავებელია, რომლებსაც ჯო ბაიდენი ხელს უწყობს. მე გავაგრძელებ ტეხასის კონსტიტუციური უფლებამოსილების დაცვას, რათა დავიცვა საზღვარი და მოვახდინო იმის პრევენცია, რომ ჯო ბაიდენმა არ გაანადგუროს ჩვენი საკუთრება”. – აცხადებს ტეხასის გუბერნატორი, გრეგ ებოტი.

ებოტის მტკიცებით, ტეხასის უფლება, „დაიცვას თავი მიგრანტების შეჭრისგან, ანაცვლებს ნებისმიერ ფედერალურ წესდებას.

25 იანვარს დონალდ ტრამპმა ყველა „მსურველ შტატს” მოუწოდა, განათავსოს თავისი გვარდია საზღვარზე „მიგრანტების მოსაგერიებლად”.

მას შემდეგ 25-მა რესპუბლიკელმა გუბერნატორმა ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას, რომელიც მხარს უჭერს ებოტისა და ტეხასის „თავდაცვის კონსტიტუციურ უფლებას“, მათ შორის ეკლიანი მავთულის ღობეებისა და სხვა ხელსაწყოების გამოყენებით.