„ლელოს 9 ნაბიჯი ევროპისკენ“ - პარტიამ ევროინტეგრაციის ხედვა წარადგინა

პუბლიკა

პარტია „ლელომ“ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ხედვა წარადგინა.

„9 ნაბიჯი ევროპისკენ“ ითვალისწინებს საკანონმდებლო ინიციატივებს, კანონპროექტებსა და რეფორმებს კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად.

„ლელო“ აცხადებს, რომ ევროინტეგრაციისთვის საჭიროა რეალური გზამკვლევი და გეგმა. პარტიის თქმით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება შესაძლებელია 1 წელიწადში.

„ლელოს“ გეგმა მოიცავს ათობით კონკრეტული ღონისძიების ჩამონათვალს, მათ შორის და არამხოლოდ: რუსული პროპაგანდისტული საინფორმაციო არხებისა და რუსული ფონდების საქმიანობის აკრძალვას, ტროლების ქარხნის მუშაობის სქემის გამოძიებას, სპეციალური მუდმივმოქმედი საპარლამენტო კომისიის შექმნას, მედია წიგნიერების სავალდებულო სასკოლო საგნად დანერგვას,  ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის და დეზინფორმაციისგან დაცვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყების განსაზღვრას, დეზინფორმაციასთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებას ევროკავშირის შესაბამის უწყებებთან, სპეციალიზებულ სააგენტოებთან და სხვა.

  • გეგმა გულისხმობს საქართველოს მიერთებას ევროკავშირის სანქციებთან რუსეთის წინააღმდეგ და საქართველოს დაცვის აქტის მიღებას, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აკრძალვას და სხვა ღონისძიებების გატარებას ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად.
  • გეგმა ასევე, მოიცავს შარლ-მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული ნაბიჯების გადადგმას პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის ინსტიტუციური ძალაუფლების დაბალანსებულად გადანაწილების თაობაზე, რიგი კომიტეტების თავმჯდომარეებად ოპოზიციის წარმომადგენლების არჩევას,  ასევე, გათალისწინებულია პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება, როდესაც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები რეგულარულად შეხვდებიან საზოგადოების, მათ შორის, მედიის წარმომადგენლებს და უპასუხებენ მათ შეკითხვებს. პარლამენტში გაუქმდება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 2023 წლის სექტემბერში ერთპიროვნულად მიღებული მედიის საქმიანობის შემზღუდველი უსაფრთხოების წესები.
  • ასევე, გათვალისწინებულია, რომ გატარდება შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესისა და საარჩევნო ბარიერის შესახებ, უზრუნველყოფილ იქნება ემიგრაციის ფართო ჩართულობა საარჩევნო პროცესში და ხმის მიცემის უფლება.

გეგმის შესასრულებლად „ლელოს“ მომზადებული აქვს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები, კანონპროექტები და კონკრეტული რეფორმები, რომელიც  გულსხმობს:

  • მუდმივმოქმედი საპარლამენტო კომისიის შექმნას, რომელიც  ზედამხედველობას გაუწევს სახელმწიფო ქონების, სახელმწიფო სახსრების, მსხვილი საგრანტო რესურსების და მსხვილი საბიუჯეტო დანახარჯების განკარგვის პროცესებს. კომისიაში შევა ყველა ფრაქციის, პოლიტიკური ჯგუფის თითო წარმომადგენელი და მას ოპოზიციაში მყოფი პარლამენტარი უხელმძღვანელებს.
  • გეგმაში ასევე გათვალისწინებულია საპარლამენტო ნდობის ჯგუფის გაუქმება და ქმედითი  მექანიზმების შექმნა უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის განსახორციელებლად.
  • სასამართლო რეფორმის ნაწილში გათვალისწინებულია „კლანის“ დაშლა და ახალი კლანის წარმოქმნის საფრთხეების სრული დაზღვევა;  მოსამართლეთა  თავიდან შერჩევის საგანგებო პროცესის გამართვა საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით; იუსტიციის საბჭოს ფუნქციების და ძალაუფლების შეზღუდვა; გამოსაცდელი ვადის და მოსამართლის „გადასახლების“ მექანიზმების გაუქმება და სხვ. მოსამართლეთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა, საქმეების დროული განხილვის უზრუნველყოფა და აშ. ამასთან, გეგმა ითვალისწინებს პროკურატურის ყოვლისმომცველ რეფორმირებას.
  • კორუფციის ნაწილში გათვალისწინებულია: საგამოძიებო ფუნქციით აღჭურვილი დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს – ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა, ამასთან, კორუფციასთან შეურიგებელი ბრძოლის უზრუნველსაყოფად რიგი ახალი მექანიზმების დანერგვა, მაგალითად, დაუსაბუთებელი ქონების კონფისკაციის მექანიზმის და სხვ. ასევე, გეგმა ითვალისწინებს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონის მიღებას, რომელიც უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციაზე წვდომის და გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტს და მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას საზოგადოების წინაშე.
  • დეოლიგარქიზაციის მიმართულება ითვალისწინებს: ბიძინა ივანიშვილის და მისი  პარტიის გაშვებას ხელისუფლებიდან 2024 წლის არჩევნებზე, ხოლო იმისათვის რომ არ მოხდეს ოლიგარქიული გავლენების დაბრუნება, ან, ახალი ტენდენციების განვითარება, შეიქმნება სახელმწიფო უწყებებისაგან დამოუკიდებელი ოლიგარქიული გავლენების პრევენციის (მუდმივმოქმედი) საბჭო.
  • ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, გაუქმდება 1984 წელს მიღებული რუსული, საბჭოთა პერიოდის რეპრესიული „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“.
  • უფლებების დარღვევებზე მიმდინარე გამოძიებების არაეფექტურობის გამო, გეგმა ითვალისწინებს მთავარი პროკურორის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და ახალი პროკურორის ფართო კონსენსუსით არჩევას. შეიქმნება სამოქალაქო საზოგადოებასთან მუდმივი დიალოგის მაღალი დონის პლატფორმა და საპარლამენტო კარგი პრაქტიკები“, – აღნიშნულია „ლელოს“ პრესრელიზში.

პარტია გეგმას სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს, ექსპერტებს, მოქალაქეთა ჯგუფებს წარუდგენს.