ტერორიზმზე ცრუ შეტყობინების საქმეზე სუს-მა ბექა ვარდოსანიძის სახლი გაჩხრიკა, ის გამოკითხვაზეა გადაყვანილი

პუბლიკა

ძალადობრივი პრორუსული „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბექა ვარდოსანიძე ტერორიზმზე ცრუ შეტყობინების საქმის გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზეა გადაყვანილი. მანამდე სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს მისი სახლი.

უწყების განცხადებით, ის სუს-ში მოწმის სახით გამოიკითხება.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სსკ-ის 331-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებების საფუძველზე კონტრტერორისტულმა ცენტრმა ბექა ვარდოსანიძის პირადი, საცხოვრებელი ბინისა და ავტოფარეხის ჩხრეკა ჩაატარა.

კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებებით დგინდება, რომ დროის გარკვეული ინტერვალით, კონკრეტული პირის სარგებლობაში არსებული ელექტრონული ფოსტიდან, სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც დაკავშირებული იყო აფეთქებების განხორციელებასთან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, ტელეკომპანია „იმედის“ ოფიციალურ მეილზე აღნიშნულმა მომხმარებელმა გაგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინება. ტექსტში მითითებული იყო, რომ კლუბში „ბასიანი“, ბარში „რატის ბარში“ და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საახალწლო ღონისძიების ფარგლებში განთავსებულ სცენაზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიასა და სხვადასხვა ავტომანქანაში დამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობები.

ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოღებულია სხვადასხვა კომპიუტერული და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი ტექნიკა, რაზეც ჩატარდება შესაბამისი მოქმედებები და საექსპერტო კვლევები. საქმეზე გრძელდება გამოძიება. ბექა ვარდოსანიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სახით გამოიკითხება“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ვარდოსანიძის ადვოკატმა, სერგი ხურციძემ „პუბლიკას“ უთხრა, სასამართლო დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ღონისძიება ჩატარდა სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თუმცა მას არ აქვს ინფორმაცია, კონკრეტულად რა შემთხვევაზე. მისი თქმით, ვარდოსანიძე ამ ეტაპზე დაკავებული არ არის.

ადვოკატი ვარდოსანიძესთან ერთად სუს-ში იმყოფება და აპირებს, გაეცნოს გამოძიების მასალებს.

„ალტ-ინფოს“ ლიდერები ამას ვარდოსანიძის საქმიანობას უკავშირებენ.