აღსრულების ბიურო „ალტ-ინფოს“ პარტიისგან ჯარიმის სახით 232 705 ლარის გადახდას ითხოვს

პუბლიკა

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ პრორუსული, ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ პოლიტიკურ პარტიას, „კონსერვატიულ მოძრაობას“ 232 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

დოკუმენტი 25 იანვრით თარიღდება.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ ჯამში უნდა გადაიხადოს 232 705 ლარი და 74 თეთრი.

აქვე ნათქვამია, რომ გადახდის ნებაყოფლობითი განხორციელებისთვის პარტიას შვიდდღიანი ვადა აქვს მიცემული, შესაბამისად ეს თანხა  2024 წლის 1 თებერვლის ჩათვლით უნდა დაფარონ.

პარტრაში მიიჩნევენ, რომ ამ გადაწყვეტილებით „ქართულმა ოცნებამ“ მორიგი დარტყმა მიიტანა „კონსერვატიულ მოძრაობაზე.“

როგორც ძალადობრივი, პრორუსული „ალტ-ინფოს” ლიდერი ზურა მახარაძე წერდა, ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში „კონსერვატიული მოძრაობის ანგარიშებს, დაყადაღება, ხოლო ქონებას ჩამორთმევა ემუქრება“, ეს კი მისი შეფასებით მიზნად ისახავს „წინასაარჩევნოდ სრულად მოხდეს „კონსერვატიული მოძრაობის“ განეიტრალება.“