არ ვაპირებ ვთქვა, მე ვარ და ჩემი ნაბადი. გაერთიანება უნდა იყოს ყველასი, ყველასთან - გვარამია

პუბლიკა

ნიკა გვარამიამ „მთავარ არხთან“  პოლიტიკურ გეგმებზე საუბრისას განაცხადა, რომ ითანამშრომლებს ყველა პროდასავლურ ძალასთან, რომლის მიზანიც ქვეყნის ევროინტეგრაცია იქნება.

„ცხადია, რომ მე არ ვაპირებ, რომ ვთქვა, რომ აი ახლა მე ვარ და ჩემი ნაბადი და მოდით, შემომიერთდით. არ არის ეს სწორი, ჩემი აზრით. გაერთიანება უნდა იყოს ყველასი, ყველასთან. ნიკასაც [მელია] ვესაუბრები და, რა თქმა უნდა, საინტერესოა, ზურასაც [ჯაფარიძე], ელენესაც [ხოშტარია], „ლელო” მნიშვნელოვანი აქტორია, თავისთავად ცხადია და მგონია, რომ მისი მონაწილეობა, ზოგადად, ამგვარ პროექტებში მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი შეიძლება იყოს. თუმცა, აქ სხვებიც არიან და მე მოვუწოდებდი ყველას, რომ ახლა არ არის წარსულის ჩხრეკვის დრო. ახლა არ არის შეცდომების დატოლების დრო. ახლა არის ჩვენი პოზიტიური პოტენციალის შეფასების და გაერთიანების დრო…“,- ამბობს ნიკა გვარამია.

ჟურნალისტის შეკითხვაზე თუ როდისთვის იქნება მისი პოლიტიკური გეგმების პრეზენტაცია, გვარამიას პასუხად კონკრეტულ თარიღს არ დაუსახელებია და თქვა რომ ამ ეტაპზე  „არ სურს მოვლენებს გაუსწროს.“

„მე მგონია, რომ რაღაცა განსაკუთრებული სიჩქარე არის ამ მიმართულებით საჭირო. ნებისმიერ შემთხვევაში, სუფთა პოლიტტექნოლოგიურადაც ეს იქნება ბლიცკრიგი და მთავარი არის სწორი და ფუნდამენტური გადაწყვეტილებები მივიღოთ. ეს ხვალ სულ არ არის აუცილებელი, რომ მოხდეს“,- ამბობს გვარამია.