წლის ბოლოს დაკვირვების 245 ჰიდრომეტეოსადგური იმუშავებს - შამუგია

პუბლიკა

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის, ოთარ შამუგიას ინფორმაციით, 2024 წლის ბოლოს ქვეყნის მასშტაბით დაკვირვების 245 ჰიდრომეტეოსადგური იმუშავებს, რაც გააუმჯობესებს ადრეული გაფრთხილების სისტემას.

მისივე თქმით, წყალდიდობების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლად თემებში მოეწყობა ადრეული გაფრთხილების სისტემები.

გეოლოგიური პროცესების მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, დამატებით 11 მეწყრულ ლოკაციაზე მოეწყობა თანამედროვე მონიტორინგის სისტემები და წლის ბოლოსათვის ასეთი 29 იქნება.

მინისტრობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ მაღალკვალიფიციური უცხოელი ექსპერტების ჩართულობით და თანამედროვე მიდგომების გამოყენებით ყველა მყინვარულ ხეობაში შეფასდება არსებული საფრთხეები, შესაბამისად, მომზადდება რეკომენდაციები და გადაწყვეტილებები.

მისივე ცნობით, დაინერგება საინფორმაციო სისტემა, რომლის მიზანია ამინდის პროგნოზირების გაუმჯობესება და ადრეული შეტყობინების სისტემის დახვეწა.

ოთარ შამუგიას ინფორმაციით, არაუგვიანეს მომდევნო კვრისა, გასაჯაროვდება შოვის ტრაგედიაზე მომზადებული კვლევის შედეგი.

„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო მომხდარი სტიქიასთან დაკავშირებით მეცნიერულად დასაბუთებული, ობიექტური დასკვნის მომზადება. სწორედ ამიტომ, დასკვნის შედგენის პროცესში ჩავრთეთ საერთაშორისო სპეციალისტები, რომელთაც მსგავსი სტიქიური პროცესების შეფასების მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. განხორციელდა ექსპედიცია მყინვარ ბუბაზე და ადგილზე დეტალურად იქნა შესწავლილი მდგომარეობა.

რამდენიმე დღეში, სააგენტოს სპეციალისტებს ექნებათ შეხვედრა ადგილობრივ ექსპერტებთან რომლებთანაც ამ საკითხებზე გვქონდა არაერთი განხილვა, მოვისმენთ მათ მოსაზრებებს და არაუგვიანეს მომავალ კვირას წარვუდგენთ საბოლოო დასკვნას საზოგადოებას, რომელშიც მოცემული იქნება აგრეთვე რეკომენდაციები განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“, – განაცხადა შამუგიამ.

ოთარ შამუგიას გაერთიანებული კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე მოუსმინეს. პარლამენტში ახალი პრემიერ-მინისტრის, შესაბამისად მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების პროცედურა მიმდინარეობს.