ინჯია: ჟენევის პარალელურად გავხსნათ მე-2 ფორმატი ჩინეთთან ერთად, ვნახოთ, რომელი აჯობებს

პუბლიკა

„ევროპელი სოციალისტების” დეპუტატი, ფრიდონ ინჯია პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე გამოვიდა ინიციატივით, ჟენევის ფორმატის პარალელურად შეიქმნას კიდევ სხვა ფორმატი, რომელშიც წამყვანი ქვეყანა ჩინეთი იქნება – ინჯიას სურს, სწორედ ჩინეთი ჩაერთოს საქართველოს უსაფრთხოების და დევნილთა საკითების განხილვაში.

პარლამენტში, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლის პროგრამას უსმენენ, ფრიდონ ინჯიამ თქვა, რომ ჟენევის ფორმატი „უკვე 15 წელია, არსებობს და საქართველოს გაერთიანების, დეოკუპაციის კუთხით ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა”.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის შეიქმნა. დისკუსიების ჩამოყალიბების გადაწყვეტილება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად მიიღეს. წელიწადში ტარდება 4 რაუნდი.

საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშივშირისა და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები.

ფრიდონ ინჯიამ თქვა:

„თუ გადავხედავთ სიტუაციას და ინტერესებს: რუსეთს თავისი ინტერესები განაღდებული აქვს – ის წარმოდგენილია საქართველოში, თბილისიდან 40 კილომეტრშია. მაგას არაფერი განსახილველი არ აქვს. აშშ-ს არსებული სტატუს კვო აწყობს. ის არ არის დაინტერესებული, რომ ჩვენ ოკუპაციის საკითხი გადავწყვიტოთ. თუ ჩვენ ამას გადავწყვეტთ, ისინი საჭირონი აღარ იქნებიან.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთი გახდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ცალსახად მომხრეა ტერიტორიულ მთლიანობის, ერთიანობის, ხომ არ ჯობია, ჟენევის ფორმატის პარალელურად იყოს მეორე ფორმატიც, რომელშიც ჩინეთიც იქნება ჩართული.

შევაჯიბროთ ეს 2 ფორმატი, ჟენევის და მეორე ფორმატი გავხსნათ, რომელშიც წამყვანი იქნება ჩინეთი და ვნახოთ, რომელი აჯობებს. თორემ 15 წელი გავიდა და არაფერი. ყველაფერს აკეთებენ თქვენი მოადგილეები, ცდილობენ,  მუშაობენ რაც შეუძლიათ, მაგრამ ისეთი ფორმატია, რომ არაფერი არ შეუძლიათ“.

2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ჩინეთში ჩავიდა. 28 ივლისს ღარიბაშვილი სი ძიპინს შეხვდა და თქვა, რომ „ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ჯანსაღად ვითარდება“, ხოლო ჩინურ ტელევიზიასთან ინტერვიუში ძიპინს მასშტაბური ხედვის მქონე, ბრძენი ადამიანი და სამაგალითო ლიდერი“ უწოდა.

31 ივლისს გამოქვეყნდა 2 ქვეყნის ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ. მასში გამოიყო პარტნიორობის 4 მიმართულება:

  • პოლიტიკური განზომილება;
  • ეკონომიკური განზომილება;
  • ხალხთა შორისი და კულტურული ურთიერთობის განზომილება;
  • საერთაშორისო განზომილება.

ირაკლი ღარიბაშვილმა სი ძინპინს მადლობა გადაუხადა „საქართველოს ხანგრძლივი მხარდაჭერისათვის და სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პატივისცემისათვის“ და, პასუხად, თავადაც განაცხადა: „საქართველოც მტკიცედ უჭერს მხარს ერთიანი ჩინეთის პრინციპს“. ანუ, საქართველო ტაივანს ჩინეთის ნაწილად აღიარებს და მას საერთაშორისო სამართლის სუბიექტად არ ცნობს.

ღარიბაშვილის განცხადების მიუხედავად, დოკუმენტში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რაც მიანიშნებდა ჩინეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოს ნაწილად მოაზრებას.

2023 წლის სექტემბერში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ საქართველო და ჩინეთი პატივს სცემენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას.

საქართველოს დელეგაცია ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით 2024 წლის იანვარშიც იმყოფებოდა „ქართული ოცნების” მაშინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით.