ბაღდათის სოფლებში, მათ შორის ნერგეეთში, მეწყრული პროცესები პროგნოზირებული იყო

პუბლიკა

გარემოს ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ბიულეტენში, რომელიც საქართველოში 2022 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგებსა და 2023 წლის პროგნოზს მოიცავს, ნათქვამია, რომ მეწყრული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია სოფელ ნერგეეთში, სადაც წუხელ ჩამოწოლილ მეწყერს 4 ადამიანი ემსხვერპლა, 5-ს კი ამ დრომდე ეძებენ.

დოკუმენტის მიხედვით, სტიქია ასევე მოსალოდნელია ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლებში: დიმი, I ოჩბა, II ოჩბა, წითელხევი, ფერსათი, შუბანი და ზეგანი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვათაცვენების და ნაპირგარეცხვითი პროცესების გააქტიურებაა მოსალოდნელი ბაღდათი-ზეკარის მშენებარე საავტომობილო გზის გასწვრივ, მდინარე ხანისწლის და მისი შენაკადების ხეობებში გამავალი საავტომობილო გზების გასწვრივ.

სოფელ ნერგეეთში მეწყერი სწორედ მდინარე ხანისწყლის მარჯვენა ფერდობზე ჩამოწვა.

ბიულეტენში მუნიციპალიტეტისთვის რეკომენდაციებიცაა გაცემული.

რეკომენდებულია სოფელ მეორე ოჩბიდან მოსახლეობის გადაყვანა გეოლოგიურად მდგრად ტერიტორიაზე, რადგან გეოლოგიური პროცესი პერიოდულად აქტიურია და საშიშროების რისკი მაღალია;

სოფელ ზეგანში გეოლოგიური პროცესი პერიოდულად აქტიურია, თუმცა საშიშროების რისკი შეფასებულია, როგორც დაბალი. რეკომენდებულია ზედაპირული წყლების რეგულირება და ფერდობსამაგრი კედლის მოწყობა; იგივე რეკომენდაციაა გაცემული ქალაქი ბაღდათისთვის, რომლის საშიშროება საშუალოდაა შეფასებული; ხოლო სოფელი წითელხევისთვის, რომელიც მაღალი რისკის ზონაშია მონიშნული, რეკომენდებულია მეწყრული ტბების განტვირთვა და ზედაპირული წყლების რეგულირება.

ბიულეტენში აღნიშნულია, რომ საშიში გეოლოგიური პროცესების ჩასახვა-გააქტიურების თვალსაზრისით, იმერეთის მხარე ერთ-ერთი ურთულესია საქართველოს ტერიტორიაზე. რისკი განსაკუთრებით მაღალია ხარაგაულის, ზესტაფონის, ბაღდათის და ვანის სოფლებში და სამტრედიის იმ სოფლებში, რომლებიც რიონის მარცხენა ტერასის ფერდობზე მდებარეობს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გვერდზე იძებნება ინფორმაცია, რომ დოკუმენტი სააგენტოს წარმომადგენლებმა სპეციალისტებთან ერთად მუნუციპალიტეტებს გააცნეს.

2023 წლის 16 მაისს გამოქვეყნებულ ცნობაში აღნიშნულია, რომ პრეზენტაცია მოეწყო სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და იმერეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისთვის.

ასევე სააგენტო აღნიშნავს, რომ ბიულეტენი გადაეგზავნა შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და ორგანიზაციებს, ასევე სამხარეო ადმინისტრაციებსა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სოფელ ნერგეეთში მდინარე ხანისწყლის მარჯვენა ფერდობზე კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესი გააქტიურდა.

„მეწყრული მოწყვეტის ფლატის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრის სიგანე ზედა ნაწილში 20-25-მ-ია, ხოლო ქვედა ნაწილში 90-100 მ შ. დინამიკაში მოსული მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა შეადგენს 150 000 მ3-ს. რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებთან. კერძოდ, ქუთაისში, ზესტაფონში და დიმში მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობამ 80-100მმ შეადგინა, რაც თებერვლის თვის კლიმატური ნორმის 50-80%-ს შეადგენდა“, – აცხადებს სააგენტო.

ბაღდათის რაიონის სოფელ ნერგეეთში მიწის მასაში მოყვა 4 საცხოვრებელი სახლი. მაშველებმა გადაარჩინეს ერთი ადამიანი, დაიღუპა 9 ადამიანი.