არ ვართ კმაყოფილი არც შობადობის, არც ქორწინება-განქორწინების მაჩვენებლებით - კობახიძე

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის თქმით, ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება პრობლემები დემოგრაფიის მიმართულებით. მისი თქმით, ხელისუფლება არაა კმაყოფილი შობადობით, თუ ქორწინება-განქორწინების სტატისტიკით და დემოგრაფიას ყურადღება უნდა მიაპყრონ.

„დემოგრაფიის კუთხით ჩვენ გვაქვს სერიოზული გამოწვევები. ჩვენ არ ვართ კმაყოფილი არც მიგრაციის მაჩვენებლებით, არც შობადობის მაჩვენებლებით, არც ქორწინება-განქორწინების მაჩვენებლებით.

არის სერიოზული გამოწვევები, მარტივად – ციფრებს, სტატისტიკას თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ გამოწვევები არის ძალიან სერიოზული. თუ სადმე გვაქვს განსაკუთრებული სირთულეები, ეს არის პირველ რიგში, სწორედ დემოგრაფია, რომელსაც სჭირდება, მათ შორის, საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული ყურადღება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თუმცა, კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ამ მიმართულებითაც უკეთესი სიტუაციაა, ვიდრე ეს იყო წინა ხელისუფლების დროს.

„წინა ხელისუფლების პერიოდში, 2004 – 2012 წელი რომ ავიღოთ, საქართველოს მოსახლეობა შემცირდა 225 000 ადამიანით. ეს ტენდენცია შეჩერდა 2014 წლიდან და რომ შევადაროთ 2014 – 2023 წლები, გვაქვს ზრდა 19 500 ადამიანით“, – თქვა კობახიძემ.