გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია ამბობს, რომ „უპასუხისმგებლო განცხადებები და სპეკულაციებია რომ თითქოს მომხდარი სტიქია წინასწარ პროგნოზირებული იყო”.
მისი თქმით, არსებობს ისეთი ტიპის სტიქიური პროცესები, რომლის პროგნოზირება და პრევენცია მაღალგანვითარებულ ქვეყნებშიც კი ძალიან რთულია და ხშირ შემთხვევებში შეუძლებელიც.
შამუგიას განცხადებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, მიმდინარე დღეებში, დაახლოებით ორასამდე სახლი შეაფასეს და 90-ზე მეტი რეკომენდაციაა გაცემული მცხოვრები ოჯახების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანასთან დაკავშირებით.
„სამწუხაროა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ უპასუხისმგებლო განცხადებებს და სპეკულაციებს, თითქოს მომხდარი სტიქია წინასწარ პროგნოზირებული იყო და სახელმწიფომ არაფერი გააკეთა. რა თქმა უნდა, ეს არის სიცრუე და განსაკუთრებით მიუღებელია, როცა ასეთ ვითარებაში, როდესაც საქმე ეხება ადამიანების სიცოცხლეს კეთდება მსგავსი ტიპის განცხადებები.
ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად დავაჩქაროთ ის პროცესები, რომელიც დაწყებული გვაქვს წლების წინ, რაც შეეხება ქვეყანაში მონიტორინგის სისტემების განვითარებას, შესაბამისი სამსახურების გაძლიერებას. ეს წლების წინ დავიწყეთ, ფაქტობრივად მოშლილი იყო მთელი სისტემა და გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმები“, – აცხადებს ოთარ შამუგია.
ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერმა 4 სახლი ჩაიყოლა და 9 ადამიანი იმსხვერპლა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ბიულეტენში, რომელიც საქართველოში 2022 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგებსა და 2023 წლის პროგნოზს მოიცავს, ნათქვამია, რომ მეწყრული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია სოფელ ნერგეეთში, სადაც წუხელ ჩამოწოლილ მეწყერს 4 ადამიანი ემსხვერპლა, 5-ს კი ამ დრომდე ეძებენ.
დოკუმენტის მიხედვით, სტიქია ასევე მოსალოდნელია ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლებში: დიმი, I ოჩბა, II ოჩბა, წითელხევი, ფერსათი, შუბანი და ზეგანი.