პაპუაშვილი ზურაბიშვილზე: მიუნხენში წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ თავს

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ოფიციალურად მიწვეულ საქართველოს პრეზიდენტზე ამბობს, რომ ის იქ „კერძო პირად” იქნება და „არ წარმოადგენს” საქართველოს. აქვე, პაპუაშვილი იმეორებს, რომ სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის მფარველობის ქვეშ არის”.

„ის იქ, მიუნხენში წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ თავს, ის არ წარმოადგენს იქ საქართველოს. ამიტომ ეს არის მისი კერძო პირის ყოფნა იქ და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მას არ აინტერესებს საქართველოს კონსტიტუცია, ქართველი ხალხი. მას საქართველო ჰგონია საკუთარი რეზიდენციის უკანა ეზო, სადაც როგორც უნდა, ისე მოიქცევა. სალომე ზურაბიშვილი არის პირდაპირ დამოკიდებული „ნაციონალურ მოძრაობაზე“, ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ მფარველობის ქვეშ”, – განაცხადა მან.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 16 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. როგორც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გაემგზავრება, თუმცა მას მთავრობისგან თანხმობა არ მიუღია. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, კონფერენციაზე საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება, ხოლო მას ახალი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე არ დაესწრება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციიდან ოფიციალური მიწვევა მიიღო და მონაწილეობას გეგმავს.

ამასთან, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის 2024 წლის ანგარიშში, რომელიც საორგანიზაციო ჯგუფის მიერ ყოველწლიურად მზადდება, მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პრორუს ოლიგარქად არის მოხსენებული. ანგარიშში საუბარია, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელი ივანიშვილია.