კულტურის პროფკავშირი: სოფელ მარანის კულტურის სახლის პანოები დაზიანებულია 

პუბლიკა

მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ აბაშის სოფელ მარანის კულტურის სახლის კედლის მოხატული პანოები დაზიანებულია. სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

პროფკავშირი  ეხმაურება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2023 წლის 26 დეკემბრის ფეისბუქ პოსტს, რომელშიც სწორედ კულტურის სახლის მიმდინარე რეაბილიტაციის პროექტის შესახებ არის საუბარი.

„სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ფოტოების საფუძველზე, გამოვთქვამთ შეშფოთებას, რადგან 2021 (კვლევითი ეტაპის) და 2023 წლების (შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების) ფოტოების შედარების საფუძველზე, ნათლად ჩანს, რომ კულტურის სახლის მთავარ დარბაზში არსებული მხატვრობის ნაწილები კიდევ უფრო დაზიანებულია და მათი დიდი ნაწილი დაკარგული”. – წერია განცხადებაში.

პროფკავშირი ასევე ამბობს, რომ  2022 წელს, როდესაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სოფელ მარანის კულტურის სახლის ფიზიკურ სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა, კვლევითი პროექტის ავტორებმა სააგენტოს წერილობით მიმართეს. მათ ხაზი გაუსვეს აღნიშნული მხატვრობის ძლიერი დაზიანებული არეების გამაგრების აუცილებლობაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე.

თუმცა, მათი თქმით, მოცემულ წერილს სააგენტოს მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

„სამწუხარო და სავალალოა, რომ შენობის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლის, სარეაბილიტაციო სამუშაოებს შეეწირა მისი ერთ-ერთი მთავარი ღირებულება – მოხატული პანოები, რომლებიც განსაზღვრავს ძეგლის უნიკალურობას და სახასიათო ელემენტს.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებული რამდენიმე ფოტოდანაც კი ნათლად იკითხება, რომ პანოების 50% დღეს უკვე განადგურებულა”. – ნათქვამია პროფკავშირის განცხადებაში.