„ლოპოტა სპა რეზორტის” ყოფილი თანამშრომელი მარია კოზმანიშვილი სოციალურ ქსელში მძიმე შრომით პირობებზე საუბრობს და დამსაქმებლებს, ამ შემთხვევაში სასტუმრო „ლოპოტას”, სხვადასხვა სახის ბრალდებებს უყენებს – როგორებიცაა, შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევა, აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური სამუშაო, არაადეკვატური ანაზღაურება და სხვა.
ის ასევე აღნიშნავს ცხენების არასათანადო მოპყრობის შესახებაც. ასევე, უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფაზე, რის შედეგადაც შესაძლოა დაშავებულიყო სასტუმროში დამსვენებელი სტუმარი.
კოზმანიშვილი აღწერს საჯინიბოში მუშაობის გამოცდილებაზე და იმაზეც, თუ როგორ დაშავდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, რა დროსაც დაიზიანა ხერხემალი. ამის დასტურად ის „ავერსის კლინიკაში” ჩატარებულ ტომოგრაფიის პასუხსაც ავრცელებს.
„…ამასობაში ცხენი გამომეცალა ფეხებიდან და დავრჩი ხელით ამ ცხენის თოკზე. დავარტყი წელი და მოვიტეხე ხერხემლის მორჩები. თუ გგონიათ, რომ სასწრაფო გამომიძახეს, ცდებით – არა, რადგან მერე პოლიციაც მოვა და ლოპოტას სახელი გაუფუჭდება და ჯარიმას დაუწერენო. წამიყვანა ჩემმა მენეჯერმა რენტგენზე თელავში ჩემი შეყვარებულის მანქანით, სადაც მითხრეს, რომ ვითომ დაბეჟილობა იყო, სანამ არ გადავიღე ტომოგრაფია. იმისთვის, რომ სტუმარი არ მოკვდა და მე შევეწირე და საერთოდ მადლობა ღმერთს, რომ ცოცხალი ვარ და ტვინი იქ არ დავტოვე ან არ დავინვალიდდი, მითხრეს მადლობა, დააყოლეს – ძეგლი უნდა დაგიდგათო და ვსო”, – წერს ის.
„პირდაპირი მითითება მქონდა, რომ ცხენზე დამესვა ნებისმიერი ადამიანი. იცოდა – არ იცოდა, უყვარდა ცხენი, აგდებულად ექცეოდა, ჩემოდნიანად მოდიოდა ცხენზე დასაჯდომად, პატარა იყო და ტანს ვერ იჭერდა თუ ა.შ.. მთავარი იყო, მოეწერა ხელი ფურცელზე, სადაც ეწერა პირობები და მერე კისერსაც თუ მოიტეხდა, დიდი ამბავი. 5 წლამდე არ ვსვამდი არავის და შემდეგ ეს წესად შემოვაღებინე, მაგრამ მაინც სვამდნენ 3-4 წლის ბავშვებს, მაშინ, როცა 30-40 წლისები ტყაპა-ტყუპით ცვიოდნენ ცხენებიდან”, – იხსენებს კოზმანიშვილი.
„საჯინიბოში მქონდა ხელფასი 850 ლარი + ქირა 150 [ლარი] ანუ ეს ჩემი ტაქსებისთვის იყო განკუთვნილი, რომელიც მხოლოდ 15 დღეზე იყო გათვლილი და არა ოცდაათივე დღეზე, რასაც მე ვმუშაობდი და ბონუსი – ნავაჭრის 2%, რომელსაც ეჭრებოდა რაღაც 2×18%, რაც დღემდე ვერ გავიგე რა იყო და + საპენსიო. იყო მოთხოვნები, რომ 10-ის ნაცვლად 8-ზე მივსულიყავი და მაინც 6-მდე დავრჩენილიყავი, ან საერთოდ საჯინიბოში დავრჩენილიყავი და ეს, რა თქმა უნდა, არანაირი ზეგანაკვეთური, არა; უფასო. სამაგიეროდ მადლობას გეტყვიან და მარიამ, ყველა ხედავს როგორ შრომობ შენ. პირველად რომ ცხენის წიხლი მომხვდა, კოჭლობით, მაგრამ მაინც ვმუშაობდი, გაციებული ვიყავი – ვმუშაობდი, კვდებოდი თუ არა, უნდა გემუშავა, რა თქმა უნდა, ღია ცის ქვეშ, ზამთარში გამათბობელი ძლივს დავაყენებინე ცხენებისთვისაც…”, – წერს ის.
„არაა, ნარჩენებსაც არ ატანენ სტაფს. და მოხუცი ქალი, რომელსაც შვილიშვილებთან ნამცხვრები მიჰქონდა, რომელიც სამზარეულოდან გაატანეს, დაცვაში ერთმა „კაცმა” იყოჩაღა – იპარავსო და „მოპარვის” გამო გააგდეს!!!”, – წერს „ლოპოტას” ყოფილი თანამშრომელი.
როგორც მისი წერილიდან ჩანს, ის „ლოპოტადან” 2022 წლის მარტში წამოვიდა. ვრცლად მის facebook-პოსტს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.
კოზმანიშვილის ბრალდებებს „ლოპოტა სპა რეზორტი” უარყოფს და მას კონტექსტიდან ამოვარდნილ ცრუ ინფორმაციას უწოდებს.
„გვსურს გამოვეხმაუროთ „ლოპოტა სპა რეზორტის“ შესახებ სოციალურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც მოყვანილმა დამახინჯებულმა ფაქტებმა, სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილი შეცდომაში შეიყვანა…
წერილში მოყვანილია ბევრი კონტექსტიდან ამოვარდნილი ფაქტი და ცრუ ინფორმაცია, რაც შეურაცხყოფას აყენებს არა მხოლოდ ლოპოტას, როგორც კომპანიას, არამედ მის ერთგულ 400-ზე მეტ თანამშრომელს, რომელთა დიდი ნაწილიც ჩვენთან 5, 10 და 15 წელი მუშაობს.
გვერწმუნეთ, არათუ ასახსნელად, არამედ წარმოსადგენადაც რთულია, რაოდენ დიდი მორალური ზიანი მიაყენა თითოეულ თანამშრომელს ერთი ადამიანის, არაერთგზის, წლების წინ მომხდარი და მაშინვე რეაგირებული ფაქტის ამ დამახინჯებულმა ინტერპრეტაციამ”, – ვკითხულობთ განცხადებაში.