საქართველოს კინოინსტიტუტი ბერლინის 74-ე საერთაშორისო ფარგლებში ევროპულ კინობაზრობაზე (EFM) დამოუკიდებელ სტენდს და საქართველოს კინოინდუსტრიას პირველად წარადგენს.
როგორც საქართველოს კინოინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ინსტიტუტის მიზანია თანამედროვე, დამოუკიდებელ კინემატოგრაფისტებს ხელი შეუწყოს ფილმების, პროექტების და სხვადასხვა ინიციატივების განხორციელებაში. დაეხმაროს მათ შეხვედრების ორგანიზებასა და კონტაქტების დამყარებაში, ასევე, პოპულარიზაცია გაუწიოს თანამედროვე ქართველ ავტორებს და კინემატოგრაფისტებს.
კინოინსტიტუტის ინფორმაციით, ბორდის წევრები ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში შეხვდებიან: საფრანგეთის კინოფონდს (CNC), ევროპის კინოფონდს (Eurimage), დანიის კინოფონდს, ვიმ ვენდერსის ფონდს, ფრანგული რეზიდენცია ‘Camera Libre’-ს, ფრანგული კინოს პოპულარიზაციის სააგენტოს UNIFRANCE-ს, ანიმაციის ასოციაცია ‘Cartoons’, European Film Promotion, პროგრამა Close-up, UNI MEI და ასევე შეხვედრები ჩანიშნულია სხვადასხვა ევროპული კომპანიების პროდუსერებთან.
„შეხვედრები დაგეგმილია ისეთ A კლასის და სხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო კინოფესტივალების დირექტორებთან და წარმომადგენლებთან, როგორიცაა კანის და სანდენსის კინოფესტივალი, ლოკარნოს და ვენეციის კინოფესტივალი, კარლოვი ვარის, სან-სებასტიანის, ტოკიოს კინოფესტივალი და კოტბუსის ფესტივალები, ტორონტოს კინოფესტივალი, ასევე ანიმაციის კინოფესტივალი ანესი.
ინსტიტუტი ოფიციალური მხარდამჭერია:
- ლანა ღოღობერიძის ფილმის „დედა-შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი“, რომელიც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფორუმის პროგრამის მონაწილეა.
- ლევან აკინის ფილმის „გზაჯვარედინი“ რომელი ქართული, შვედური, ფრანგული, დანიური და თურქული თანაწარმოებაა და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის პანორამას პროგრამის გამხსნელი ფილმია.
- ქართული კინოინსტიტუტი სიამაყით წარადგენს მსახიობ თაკი მუმლაძეს და ეხმარება მას პროფესიული კარიერის განვითარებაში. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ევროპის წამყვან კასტინგ კომპანიებთან და აგენტებთან.
ბერლინის კინო ფესტივალის ფარგლებში საქართველოს კინოინსტიტუტის წევრების: ლანა ღოღობერიძეს, სალომე ჯაშის, მარიამ ჭაჭიასა და ნინო ჩიჩუას საჯარო დისკუსიები და მოხსენებები გაიმართება.
ფესტივალის პარალელურად კინოთეატრი ვოლფი საქართველოს კინოინსტიტუთან თანამშრომლობით აწყობს ქართული ფილმების რეტროსპექსტივას სახელწოდებით „მოუთვინიერებელი ქართული კინო“ რეტროსპექტივის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება 1930-2023 წლებში შექმნილი შვიდი ქართული ფილმი. მაყურებელი იხილავს, ოთარ იოსელიანის, ნუცა ღოღობერიძის, სალომე ჯაშის, მარიამ ჭაჭიას და ნიკ ვოიგთის, ლუკა ბერაძის, სოსო ბლიაძის ფილმებს.
ვამაყობთ, რომ ჩვენი მონაწილეობის პირველივე წელს ევროპული კინო ბაზრობის და საქართველოს კინო ინსტიტუტის ერთობლივი მიღება იმართება. საქართველოს კინოინსტიტუტი იწყებს თანამშრომლობას კინოინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პლატფორმასთან. სწორედ ამიტომ, ბერლინის ევროპული კინო ბაზრობის ინიციატივით და მოწვევით EFM ფესტივალის სტუმრებს გააცნობს კინოინსტიტუტს, როგორც ევროპული კინობაზრობის ახალ მონაწილეს. მიღებაზე ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსების გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ცოცხალ მუსიკას მოისმენენ.
20 თებერვალს, ფრანგულ სახლში, საქართველოს კინოინსტიტუტი, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მონაწილეებისთვის, სტუმრებისთვის და საერთაშორისო კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის გამართავს ქართულ საღამოს, „Flowers Are Not Silent“/ „ყვავილები არ არიან ჩუმად“, მევიოლინე ლიზა ბათიაშვილის და პიანისტ გიორგი გიგაშვილის მონაწილეობით. საღამო ეძღვნება პირველ ქართველ ქალ რეჟისორს, საბჭოთა ცენზურის მსხვერპლს – ნუცა ღოღობერიძეს“, – ნათქვამია საქართველოს კინოინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.