ისრაელი რაფაჰში შეჭრის სავარაუდო დროს და წინაპირობას ასახელებს

პუბლიკა

ისრაელის ომის კაბინეტის წევრი, ბენი განცი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჰამასი 10 მარტამდე ყველა მძევალს არ გაათავისუფლებს, ისინი ქალაქ რაფაჰზე ფართომასშტაბიან შეტევას დაიწყებენ.

აღსანიშნავია, რომ რაფაჰში თავს მილიონზე მეტი პალესტინელი აფარებს და ისრაელის რაფაჰზე თავდასხმას საერთაშორისო საზოგადოება მკაცრად ეწინააღმდეგება და გმობს. მაგალითად, აშშ, რომელიც ისრაელის მოკავშირეა, აცხადებს, რომ შესაბამისი გეგმის გარეშე ქალაქში ოპერაციის დაწყება „კატასტროფა“ იქნება.

10 მარტს მუსლიმთათვის წმინდა თვე რამადანი იწყება. განცი აცხადებს, რომ თუ მძევლად აყვანილ მათ მოქალაქეებს იმ დროისთვის არ გაათავისუფლებენ, ბრძოლა ყველგან იქნება.

„მსოფლიომ უნდა იცოდეს და ჰამასის ლიდერებმაც უნდა იცოდნენ, თუ რამადანის დროს ჩვენი მძევლები სახლებში არ იქნებიან, ბრძოლა ნებისმიერ ადგილას გაგრძელდება, მათ შორის რაფაჰის ტერიტორიაზე”, – განაცხადა მან.

7 ოქტომბრის დილას ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო – ისროლა რამდენიმე ათასი რაკეტა და რამდენიმე ადგილას სახმელეთო საზღვარი გაარღვია, მოკლა და/ან გაიტაცა ასობით ადამიანი. თავდასხმა ერთდროულად დაიწყო ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან.

„ჰამასის“ პასუხად ისრაელმა „ანტიტერორისტული ოპერაცია” დაიწყო და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშები მიიტანა. მას შემდეგ ღაზის სექტორის დაბომბვა არ წყდება. დაღუპულ პალესტინელთა რიცხვი 28 ათასს აღემატება.

26 იანვარს გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ თქვა, რომ „სამხრეთ აფრიკის [სარჩელის ავტორი სამხრეთ აფრიკა იყო] მტკიცებულებები და არგუმენტები ისრაელის წინააღმდეგ ღაზაში პალესტინელთა მიმართ ჩადენილი ქმედებების შესახებ დამაჯერებელია და ისრაელის ზოგიერთი ქმედება გენოციდის კონვენციის ფარგლებში ჯდება.   

გადაწყვეტილების თანახმად, ისრაელმა უნდა მიიღოს ზომები გენოციდის პირდაპირი წაქეზების აღსაკვეთად და დასასჯელად. მან უნდა უზრუნველყოს, რომ მისი სამხედროები არ მიმართავენ გენოციდს და მიიღოს ზომები ჰუმანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ასევე, გადაწყვეტილების თანახმად, ისრაელმა უნდა მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები, რათა გააუმჯობესოს ჰუმანიტარული ვითარება ღაზაში.