მაქსიმ კუზმინოვი, რუსი მფრინავი, რომელმაც 2023 წელს უკრაინაში რუსული სამხედრო ვერტმფრენი დასვა და უკრაინულ მხარეს ჩაბარდა, ესპანეთში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის სამხედრო დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრიი იუსოვმა მხოლოდ ფაქტი დაადასტურა, გარდაცვალების დეტალებზე არაფერი უთქვამს. მას ჰკითხეს, მოკლეს თუ არა კუზმინოვი.
ინფორმაცია მაქსიმ კუზმინოვის გარდაცვალების შესახებ 14 თებერვალს გავრცელდა, თუმცა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვამ ფაქტი მხოლოდ დღეს დაადასტურა.
„უკრაინსკაია პრავდას” წყაროს ცნობით, კუზმინოვი დახვრიტეს. წყარომ გამოცემას აცნობა, რომ გარდაცვალების ადგილთან იპოვეს დამწვარი მანქანა, „რომელიც, სავარაუდოდ, მკვლელებს ეკუთვნოდათ“.
კუზმინოვი 2023 წლის ზაფხულში უკრაინის ტერიტორიაზე МИ-8 ტიპის ვერტმფრენით გადავიდა და ჩაბარდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სპეციალურ ოპერაციას, რომელიც რუსი პილოტის გადაბირებით დასრულდა, უკრაინის სამხედრო დაზვერვა 6 თვის განმავლობაში ატარებდა. ვერტმფრენი რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზებს შორის ასრულებდა ფრენას.
ეკიპაჟში პილოტთან ერთად იმყოფებოდა ორი სამხედრო პირი, რომლებმაც არ იცოდნენ, თუ რეალურად სად მიფრინავდა ვერტმფრენი. სპეციალური ოპერაციების ჯგუფმა ეკიპაჟის წევრები გაანეიტრალა, რუსული ხომალდი კი საბოლოოდ ხარკოვის ოლქში დაჯდა.