საგარეო საქმეთა და პოლიტიკის უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ საქართველოში ვიზიტის დროს თბილისის ქუჩებში EU-ის დროშების რაოდენობით გაოცებული დარჩა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მან ხაზი გაუსვა, რომ ეს საქართველოს მოქალაქეების ნებას გამოხატავს.
„როცა საქართველოში ვიყავი ჩამოსული, ძალიან გამაოცა ევროპული დროშების რაოდენობამ თბილისის ქუჩებში, სავსე იყო. ჩემთვის კი არ იყო მხოლოდ გასაოცარი, ყველასთვის გასაოცარი იყო. თან არც ჩემი ვიზიტისთვის გაკეთებულა – ზოგადად, ჩემამდე, ჩემი ვიზიტის შემდეგაც ასე იყო. ეს ცხადყოფს იმას, რომ თქვენი მოქალაქეები ძალიან მტკიცედ ფიქრობენ, რომ ევროკავშირი არის მათი მომავალი და ჩვენც გვაკისრია პასუხისმგებლობა, რომ თქვენთან ერთად, ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოვიყენოთ”, – განაცხადა მან.
ბორელს პრესკონფერენციაზე სამი გზავნილი ჰქონდა – თქვა, რომ აუცილებელია პროცესებში ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობა, ასევე, ევროკავშირთან ერთობის ასახვა ყველაფერში, მათ შორის უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით.
„საქმე იწყება ახლა, თქვენს შემთხვევაში და ეს საჭიროებს ახალ ძალისხმევას, გაძლიერებულ პასუხისმგებლობას მთავრობის მხრიდან, პოზიციას, რომელიც ყველას მიერ იქნება გასათვალისწინებელი. ყველა სექტორი უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში. სამი ძირითადი გზავნილი მინდა გავაჟღერო:
თქვენ უკვე დააჩქარეთ რეფორმების განხორციელება ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, იმისთვის, რომ 9 ნაბიჯი იქნას შესრულებული, რაც ჩვენი რეკომენდაციაა. ამისთვის, თქვენ გაქვთ ცოცხალი სამოქალაქო სექტორი და მნიშვნელოვანია, ყველა მონაწილე იყოს ჩართული ამ პროცესში. აქ საჭირო იქნება გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა, იმისთვის, რომ შემცირდეს პოლიტიკური წნეხი და დაძაბულობა.
მეორე გზავნილი ის არის, რომ საერთო ფასეულობებსა და პრინციპებზე ვახორციელებთ ძალისხმევას და მნიშვნელოვანია, ეს ერთობა იყოს ასახული ყველაფერში, იმიტომ, რომ ძალიან საშიშ გეოპოლიტიკურ გარემოში ვარსებობთ და გაწევრიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გაიზარდოს უსაფრთხოების პოლიტიკა და გადაწყვეტილებები ამ მიმართულებით. ჩვენ ველით, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება შესაბამისობა ამ მიმართულებით მომდევნო წლებში. ასევე, ანტიდასავლური რიტორიკის წინააღმდეგ, მოვუწოდებთ მთავრობას, რომ იბრძოლოს ინფორმაციის მანიპულირების წინააღმდეგ, ჩვენ გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტი ვნახოთ ამ მიმართულებით.
მესამე გზავნილი ის გახლავთ, რომ წელს მნიშვნელოვანი ტესტი იქნება ქართული დემოკრატიისთვის, მე უკვე ვახსენე არჩევნების პროცესი და მინდა ვთქვა, რომ საარჩევნო რეფორმა, რაც განხორციელდება მომავალში, მინდა, რომ იყოს მომდევნო არჩევნებისთვის მზადება, ვენეციის კომისიის ყველა შესაბამისი რეკომენდაცია იქნეს განხორციელებული”, – განაცხადა მან.
კითხვა-პასუხი რეჟიმში ბორელმა თქვა, რომ ევროკავშირის კარი ღიაა და საქართველო ამ კარში უნდა შევიდეს მას შემდეგ, რაც რეფორმებს გაატარებს და პირობებს შეასრულებს.
„კარი ღიაა, თქვენ ამ კარში უნდა გაიაროთ. რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. პირობები უნდა შესრულდეს, რეფორმები უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა ბორელმა.
დღეს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომა გაიმართა. ირაკლი კობახიძე ბრიუსელში გუშინ გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, კობახიძე შეხვედრას გამართავს NATO-ს გენერალურ მდივანთან, ასევე, მონაწილეობას მიიღებს NATO-საქართველოს კომისიის სხდომაში.
მთავრობის განცხადებით, ბრიუსელში პრემიერ-მინისტრთან ერთად გაემგზავრნენ და სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაშიც არიან: პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი; ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი; საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი.