Sky News-ის ინფორმაციით, ბრიტანული კომპანიები, უდიდესი ალბათობით, აძლიერებენ რუსული ომის მანქანას უკრაინაში და გზავნიან დრონის აღჭურვილობას და მძიმე ტექნიკას ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ყირგიზეთი, სომხეთი და უზბეკეთი, საიდანაც შემდგომ აღჭურვილობა რუსეთში იგზავნება.
ყირგიზეთში ბრიტანეთის ექსპორტი 1100%-ით გაიზარდა.
Sky News-ის მონაცემების ანალიზის თანახმად, ბრიტანული კომპანიები ასობით მილიონი ფუნტის საქონლისა და ტექნიკის ექსპორტს ეწევიან, რაც, მედიის შეფასებით, აზიანებს ოფიციალური სანქციების რეჟიმს და აძლიერებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საბრძოლო მანქანას.
რიცხვები აჩვენებს, რომ რუსეთში საქონლის ნაკადის მკვეთრი ვარდნის მიუხედავად, ორი წლის წინ, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სავაჭრო სანქციების ამოქმედების მიუხედავად, დიდი მოცულობის „ორმაგი დანიშნულების“ ბრიტანული საქონელი, რომელიც შესაძლოა მოგვიანებით იარაღად გადაკეთდეს, კვლავ პოულობს გზას მოსკოვისკენ.
ანალიზი წარმოაჩენს ბრიტანეთის მონაწილეობის მასშტაბებს ჩრდილოვან ეკონომიკაში, რაც ემსახურება რუსული არმიის მომარაგებას ნაწილებისა და ტექნიკის მიწოდებით იმ იარაღისთვის, რომელსაც ის უკრაინის წინააღმდეგ იყენებს.
Sky News-ის ინფორმაციით, ბრიტანული საქონლის ექსპორტის ნაკადი ომის დაწყებისა და სანქციების ამოქმედების შემდეგ რუსეთში 74%-ით შემცირდა. ექსპორტის აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც დღემდე ხორციელდება რუსეთში მოიცავს საკვებს, სამედიცინო პროდუქტებს და სხვა ჰუმანიტარულ ნივთებს, ხოლო მძიმე ტექნიკის, ელექტროაღჭურვილობისა და მანქანების ექსპორტის ნაკადი თითქმის ნულამდეა დაცემული.
Sky News-ის შეფასებით, აღნიშნული რიცხვები სანქციების რეჟიმის წარმატებაზე მიანიშნებს. თუმცა ბრიტანეთის ოფიციალური სავაჭრო სტატისტიკის სიღრმისეული კვლევა ალტერნატიულ სურათს ხატავს.
Sky News-ის ინფორმაციით, სტატისტიკა აჩვენებს, რომ რუსეთში გაერთიანებული სამეფოს ექსპორტის შემცირების პარალელურად, ის უპრეცედენტო ტემპით გაიზარდა პოსტსაბჭოთა სატელიტური სახელმწიფოების ჯგუფში – უზბეკეთსა და საქართველოში.
IIF-ის ფინანსური ორგანოს ყოფილი მთავარი ეკონომისტის, რობინ ბრუკსის შეფასებით, ეს პროცესები უკვე გარკვეული პერიოდიდან მიმდინარეობს სხვა ევროპულ ქვეყნებშიც, განსაკუთრებით გერმანიასა და პოლონეთში, რომლებიც ასევე გზავნიან დიდი რაოდენობით ტექნიკას რუსეთში კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების გავლით.
Sky News-ის ცნობით, ბრიტანელი ოფიციალური პირები მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ ცდილობენ სანქციების რეჟიმების გამკაცრებას.
Sky News-თან საუბრისას სპიკერმა განაცხადა: „ჩვენ ახლახან გამოვაცხადეთ სავაჭრო სანქციების განხორციელების ახალი ოფისის შესახებ, რაც სანქციების გაძლიერებას ემსახურება. სანქციების შეუსრულებლობა სერიოზული დანაშაულია და ისჯება დიდი ფინანსური ჯარიმებით ან სისხლის სამართლებრივი დევნის გზით“.
მიუხედავად ამისა, მედიის შეფასებით, ვაჭრობის მასშტაბები გასაოცარია. დიდი ბრიტანეთის ექსპორტის მოცულობა არამხოლოდ ყირგიზეთში, არამედ სომხეთშიც გაიზარდა, სადაც რობერტ ბრუკსის შეფასებით, დაფიქსირდა რუსეთში ექსპორტის მკვეთრი ზრდა.
Sky News-ის ანალიზის თანახმდ, ბრიტანეთიდან ისეთი საქონლის ექსპორტი კავკასიის და ცენტრალური აზიის ოთხ ქვეყანაში, რომელიც გამოიყენება უკრაინის მოქალაქეების წინააღმდეგ, ომის დაწყების შემდეგ 500%-ზე მეტით გაიზარდა.
ანალიზის მიხედვით, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში გაგზავნილი საქონლის ყველაზე დიდი კატეგორია „თვითმფრინავების, შვეულმფრენების ან უპილოტო თვითმფრინავების“ ნაწილები იყო, რომლებიც წარმოადგენს აღჭურვილობას, რომლებიც შესაძლოა გამოყენებული იყოს დრონებისა და სხვა იარაღების დასამზადებლად.
Sky News-ის ინფორმაციით, ამ ოთხ ქვეყანაში ბრიტანულმა კომპანიებმა 6 მილიონი ფუნტი სტერლინგით მეტი საქონელი გაგზავნეს, ვიდრე ამას ტრადიციულად აკეთებდნენ.
გაერთიანებული სამეფოს მიერ გაგზავნილი სხვა საქონელი მოიცავს მონაცემთა დამუშავების მანქანებს, აერონავტიკულ სანავიგაციო მოწყობილობას და რადიო სანავიგაციო დამხმარეებს.