საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ 2023 წელს საქართველოს პარლამენტში 65 პლენარული სხდომა ჩატარდა და 622 კანონი იქნა მიღებული.
„გამოწვევების მიუხედავად, პარლამენტის საკანონმდებლო, საზედამხედველო თუ სხვა მიმართულებით საქმიანობის გზით არ დაუშურებია ძალისხმევა ჩვენი ხალხისა და სამშობლოს ინტერესების დასაცავად“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, პლენარული სხდომების 15%-ს ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა ან არ დაესწრო.
„მიღებული კანონებიდან აღსანიშნავია ისეთი კანონები, როგორიც არის: წყლის რესურსების მართვის შესახებ; სამრეწველო ემისიების შესახებ; ტურიზმის შესახებ; საჯარო შესყიდვების შესახებ; ელექტრონული კომერციის შესახებ; პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ; თავდაცვის კოდექსი; პენიტენციური კოდექსი; მაუწყებლობის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებები; სამწუხაროდ, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ოპოზიციას ამგვარი კანონების განხილვაში თითქმის არ მიუღია მონაწილეობა. არადა სწორედ მსგავსი საკითხებია, რომლებიც სინამდვილეში გადამწყვეტია ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდისთვის და ევროკავშირთან ჩვენი არსებითი დაახლოებისთვის.“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „საანგარიშო პერიოდში პარლამენტმა დაამუშავა: 620 საკანონმდებლო ინიციატივა, 54 საერთაშორისო ხელშეკრულება, შეთანხმება, კონვენცია, ანგარიში, ნდობის მისაღებად წარმოდგენილი კანდიდატები. განსახილველად შემოვიდა 142 საკანონმდებლო წინადადება და 8 პეტიცია, საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით ისარგებლა პარლამენტის 139-მა პარლამენტის წევრმა“.
პარლამენტის თავმჯდომარემ 2023 წლის წლიური ანგარიშის წარდგენისას გამოსვლის ძირითადი ნაწილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების კრიტიკას დაუთმო. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები ეწეოდნენ დეზინფორმაციას, ხოლო საერთაშორისო პარტნიორები აკეთებდნენ „სამარცხვინო“ განცხადებებს მილიონობით დოლარის სანაცვლოდ.