კობახიძე მეცოლასთან შეხვედრაზე: ვისაუბრეთ გაუგებრობებზე საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე უპასუხა შეკითხვას, ისაუბრა თუ არა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან ანტიდასავლურ რიტორიკასთან დაკავშირებით და აღნიშნა რომ საუბარი გულწრფელი იყო და შეეხო ყველა თემას, მათ შორის გაუგებრობებს საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის.

პრემიერმა ისაუბრა ევროპარლამენტის მიერ 2022 წელს მიღებულ რეზოლუციებზე, მათ აბსოლუტურად უსამართლო უწოდა და დადებითად შეაფასა ევროპარლამენტის „პრაქტიკის შეცვლა“.

„თქვენ გახსოვთ, მიღებულ იქნა 2022 წელს სამი სხვადასხვა რეზოლუცია, რომელიც იყო აბსოლუტურად უსამართლო და ჩვენ მოგვიწია, რა თქმა უნდა, ამ უსამართლო რეზოლუციების გაკრიტიკება და მადლობა მათ შორის, ქალბატონ მეცოლას იმისთვის, რომ დამკვიდრდა ამის შემდეგ უკვე სწორი პრაქტიკა. ასეთი რეზოლუციები უკვე დიდი ხანია აღარ მიიღება ევროპარლამენტის მხრიდან. შესაბამისად, კარგია, რომ ჩვენმა რეაქციებმა გავლენა იქონია პროცესების სწორად განვითარებაზე. მე დეტალებში აღარ შევალ, რაში გამოიხატებოდა ის უხეში უსამართლობა, რაც დაფიქსირებული იყო ამ რეზოლუციებში, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ძალიან კარგია, რომ პრაქტიკა შეიცვალა, ასეთი ტიპის უსამართლო რეზოლუციები აღარ მიიღება ევროპარლამენტში. შესაბამისად, ლოგიკურად ასე უნდა ვიმსჯელოთ. შესაბამისად, ვივარაუდოთ და გამოვთქვათ ოპტიმისტურად იმედი, რომ ურთიერთობები განვითარდება პოზიტიური კუთხით“, – განაცხადა კობახიძემ.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ევროპარლამენტი ხელახლა დაკომპლექტდება და საქართველო დაინტერესებულია მჭიდრო ურთიერთობით, რათა „გამოირიცხოს ნებისმიერი გაუგებრობა“.

„უახლოეს მომავალში, ზაფხულში ჩატარდება ევროპარლამენტის არჩევნები, ევროპარლამენტი თავიდან დაკომპლექტდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ დაინტერესებულნი, განვაახლოთ ურთიერთობები ევროპარლამენტთან და გვქონდეს მჭიდრო ურთიერთობა, მათ შორის იმისთვის, რომ თუნდაც სამომავლოდ გამოირიცხოს ნებისმიერი გაუგებრობა“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის პრეზიდენტს ბრიუსელში პირველი სამუშაო  ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.