ლომჯარია: ახალი პარტიის შექმნას არ ვაპირებ, არც მარტო და არც სხვასთან ერთად

პუბლიკა

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ახალი პარტიის შექმნას არ აპირებს, არც მარტო და არც სხვასთან ერთად. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, თუმცა პროცესში სხვა პოლიტიკურ მხარეებთან თანამშრომლობა არ გამორიცხა.

ის ამბობს, რომ ახალი პარტიის შექმნას არ აპირებს, რადგან, მისი აზრით, კიდევ ერთი ახალი პარტიის შექმნა არ სჭირდება დღეს ქართულ პოლიტიკას. ლომჯარია აცხადებს, რომ ქართულ პოლიტიკას დღეს სჭირდება ამბიციური პოლიტიკური გაერთიანებები, ამპარტავნების გვერდზე გადადება და გამარჯვებისთვის საჭირო კომპრომისებზე წასვლა.

„თუ ამის აუცილებლობის მკაფიო გააზრება და შეთანხმება ვერ მოხდება ფართო ოპოზიციურ სპექტრში, თუ ისევ გაგრძელდება ელექტორალური გაგებით ტყუპისცალი პარტიების ჩამოყალიბება ან/და არჩევნებზე „მარტო გავალთ“-ს ძახილი, არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, მე ან ჩემნაირები რომელიმე პარტიაში წავლენ თუ არა. პროცესმა მხოლოდ ამ ქვეყნის გამარჯვებამდე უნდა მიგვიყვანოს და არა მორიგ ეროვნულ ფრუსტრაციამდე.

შესაბამისად, საკუთარ თავს და როლს ახლა ვხედავ იმაში, რომ მე და ჩემმა გუნდმა ხელი შევუწყოთ ამ იდეების ლობირებას, რომლებიც ამ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ დემოკრატიულ ცვლილებებს მოიტანს. მზად ვარ ამ პროცესში ვითანამშრომლო ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ მხარესთან”, – ამბობს ლომჯარია.

მანვე ისაუბრა იმაზე, რომ თუ 5%-იან ბარიერთან შორიახლოს მყოფი ოპოზიციური პარტიები გადაწყვეტენ, არჩევნებში ცალ-ცალკე იყარონ კენჭი, მაღალია რისკი იმისა, რომ ისინი პარლამენტს გარეთ დარჩნენ, ხოლო მათი ოპოზიციურად განწყობილი ხმებს ჯამი, რომელმაც 20%-მდეც შეიძლება მიაღწიოს, ბარიერგადალახულ პარტიებზე გადანაწილდება – ლომჯარიას განცხადებით, ამ სცენარში „ქართული ოცნებას“ მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობა ოპოზიციურად განწყობილი ხმების ხარჯზე მიეცემა.

მისი თქმით, ამ პროცესში რამდენიმე ნაბიჯი უნდა გადაიდგას, მათ შორის მოხდეს საარჩევნო სუბიექტების გამსხვილება, პოლიტიკური ცენტრების გაერთიანების და გამსხვილების პროცესი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს. ასევე, ოპოზიციური პარტიები უნდა შეთანხმდნენ, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად არ იქნება მხარდაჭერილი არც „ნაციონალური მოძრაობის“, არც „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული კანდიდატები, ვინაიდან „ორივე პარტიას უკონტროლო ძალაუფლებით მართვის გამოცდილება აქვს”.

„ახალმა კოალიციურმა მთავრობამ უნდა გამოაცხადოს გარდამავალი პერიოდი და 2 წლის ვადაში ინსტიტუციური რეფორმების გზით სახელისუფლებო კონტროლისგან გაათავისუფლოს დამოუკიდებელი ორგანოები: ცესკო, ეროვნული ბანკი, მარეგულირებელი ორგანოები, სასამართლო, პროკურატურა. გარდამავალი პერიოდის შემდეგ, უკვე გაცილებით თავისუფალ, თანასწორ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები.

ცხადია, გარდამავალ პერიოდში მთავრობის უპირობო და უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს ევროკავშირის 9-ვე პუნქტის დაკმაყოფილება და ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებების დაწყება”, – წერს ის.

პოლიტიკურ გეგმებზე საუბრისას ნიკა გვარამიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ითანამშრომლებს ყველა პროდასავლურ ძალასთან, რომლის მიზანიც ქვეყნის ევროინტეგრაცია იქნება. გვარამიას თქმით, მას პოლიტიკაში ცვლილებები და სიახლეები სურს, რისთვისაც დაელაპარაკება ყველას.

მან რამდენიმე დღის წინ TV პირველის ეთერში ისაუბრა ნინო ლომჯარიასთან შესაძლო თანამშრომლობაზეც და თქვა, რომ მისი „დიდი სურვილია, ლომჯარია იყოს იქ”, სადაც თავად იქნება.