რუსი აქტივისტი, მაქსიმ ივანცოვი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

პუბლიკა

რუსი აქტივისტი მაქსიმ ივანცოვი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს.

ივანცოვი ხელმძღვანელია არასამთავრობო ორგანიზაცია Frame-ის, რომელმაც სივრცე დაუთმო რუსეთის საპრეზიდენტო კანდიდატად რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნადეჟდინის რეგისტრაციისთვის ხელმოწერების შეგროვებას თბილისში.

ივანცოვი დარწმუნებულია, რომ მისი საქართველოდან გაბრუნების მიზეზი რუსი ოპოზიციონერის, ნადეჟდინისთვის ხელმოწერების შეგროვების კამპანიაა. 

,,მე არ ვარ ერთადერთი, ვისაც ხელმოწერების შეგროვების შემდეგ პრობლემები შეექმნა და უკვე დიდი ხანია შეიმჩნევა, რომ საქართველოს ხელისუფლება მტკივნეულად რეაგირებს არა მხოლოდ ქართულ პოლიტიკურ საჯარო განცხადებებზე, არამედ რუს ანტიპუტინისტ აქტივისტებზეც”, – ამბობს ივანცოვი.

ივანცოვის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ევროპაში გაფრენას არ დაეთანხმებოდა, პოლიციელები ემუქრებოდნენ, რომ  რუსეთში დააბრუნებდნენ.

,,ვუთხარი, რომ მჭირდებოდა სიტუაციაში გარკვევა. მათ უხეშად საუბარი დაიწყეს და ფიზიკურად, უხეშად მიბიძგეს თვითმფრინავისკენ წავსულიყავი. ვთქვი, რომ არ მინდოდა ფრენა, სანამ ადვოკატს არ დაველაპარაკებოდი და არ გავარკვევდი ჩემს უფლებებს… პოლიციის თანამშრომლები რეგულარულად მოდიოდნენ და ზეწოლას ახდენდნენ ჩემზე, რომ გავფრენილიყავი. არ ვთანხმდებოდი, სანამ ადვოკატთან საუბრის საშუალებას არ მომცემდნენ. ამბობდნენ, რომ მე რუსეთის და საქართველოს მტერი ვარ, საქართველო კი ისინი არიან. მათი თქმით, პოლონეთისა და ლატვიის მტერიც ვარ, რომლებიც ჩემს მიღებაზე არ დათანხმდნენ”, – ამბობს ივანცოვი. 

მაქსიმ ივანცოვმა თქვა, რომ საქართველოში შემოსვლას ისევ შეეცდება, არ შემოშვების გადაწყვეტილებას და იმ მოპყრობას კი, რომელიც, მისი თქმით, მასზე საზღვარზე განხორციელდა გაასაჩივრებს. ,,მივმართავ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს”, – თქვა მან.