ბაიდენი იმედოვნებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება ორშაბათამდე შედგება

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი იმედოვნებს, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება ამ კვირის ბოლოს მოხდება და შემდეგ ორშაბათს ის უკვე აღსრულდება.

ამის შესახებ ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა და თქვა, რომ შეთანხმებას უახლოვდებიან, თუმცა დასრულებული არ არის.

„როგორც ჩემი უსაფრთხოების მრჩეველი მეუბნება, ახლოს ვართ, თუმცა ჯერ არ არის დასრულებული. იმედი მაქვს, შემდეგ ორშაბათს ცეცხლის შეწყვეტა იქნება”, – განაცხადა მან.

7 ოქტომბრის დილას ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო – ისროლა რამდენიმე ათასი რაკეტა და რამდენიმე ადგილას სახმელეთო საზღვარი გაარღვია, მოკლა და/ან გაიტაცა ასობით ადამიანი. თავდასხმა ერთდროულად დაიწყო ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან.

„ჰამასის“ პასუხად ისრაელმა „ანტიტერორისტული ოპერაცია” დაიწყო და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშები მიიტანა. მას შემდეგ ღაზის სექტორის დაბომბვა არ წყდება. დაღუპულ პალესტინელთა რიცხვი 28 ათასს აღემატება.

26 იანვარს გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ თქვა, რომ „სამხრეთ აფრიკის [სარჩელის ავტორი სამხრეთ აფრიკა იყო] მტკიცებულებები და არგუმენტები ისრაელის წინააღმდეგ ღაზაში პალესტინელთა მიმართ ჩადენილი ქმედებების შესახებ დამაჯერებელია და ისრაელის ზოგიერთი ქმედება გენოციდის კონვენციის ფარგლებში ჯდება.   

გადაწყვეტილების თანახმად, ისრაელმა უნდა მიიღოს ზომები გენოციდის პირდაპირი წაქეზების აღსაკვეთად და დასასჯელად. მან უნდა უზრუნველყოს, რომ მისი სამხედროები არ მიმართავენ გენოციდს და მიიღოს ზომები ჰუმანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ასევე, გადაწყვეტილების თანახმად, ისრაელმა უნდა მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები, რათა გააუმჯობესოს ჰუმანიტარული ვითარება ღაზაში.