პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს სურვილია, აშშ-სთან უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი ფრენა დაიწყოს და აშშ-დან ინვესტიციები გაიზარდოს, რასაც, მისი თქმით, აშშ-სგან წახალისება სჭირდება.
პაპუაშვილის თქმით, საქართველო ამ მიმართულებით ნაბიჯებს დგამს – შექმნილია ხელშემწყობი საინვესტიციო გარემო, კონტროლდება, რომ აშშ-ში ვერ შევიდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც შესაძლოა, არასასურველი იყოს აშშ-სთვის.
„ამერიკის მოქალაქეებს საქართველოში აქვთ უვიზო რეჟიმი. გასაგებია და სწორია, რომ ზოგადად ამერიკას ბევრ ქვეყანასთან არ აქვს უვიზო მიმოსვლა, მაგრამ, მაგალითად, არაღიარებულ სახელმწიფო ტაივანთან აქვს უვიზო მიმოსვლა და არ მგონია, რომ საქართველო თავისი 3.5 მილიონი მოსახლეობით რამე საფრთხეს წარმოადგენდეს მიგრაციის მხრივ აშშ-სთვის. უვიზო მიმოსვლა იქნებოდა კიდევ ერთი კარგი ჟესტი ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისი განწყობის ჩვენება ქართველი ხალხის მიმართ.
რაც შეეხება ავიამიმოსვლას, ჩვენი მხრიდან არის აბსოლუტური მზაობა, ხელი შეეწყოს ნებისმიერი ამერიკული ავიაკომპანია იქნება თუ სხვა, რომ მოხდეს ეს ფრენები. შესაძლოა, ჩვენი მხრიდან საჭირო იყოს… თუკი რამე დახმარება, დავეხმარებით. აშშ-ის მხრიდან შესაძლოა გარკვეული ბიძგი ან წახალისება მოხდეს ავიაკომპანიების, რომ ეს რეისები დაინიშნოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ფრენა წაახალისებს ხალხთა და ეკონომიკურ ურთიერთობას.
დღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს მოუსმინეს. ელჩის მოხსენება ღია იყო, თუმცა დეპუტატების შეკითხვების ნაწილი დაიხურა.
ჟურნალისტებმა პაპუაშვილს ჰკითხეს, ისაუბრა თუ არა ელჩმა უვიზო მიმოსვლასა და პირდაპირ ფრენებზე, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას არ იღებს. პაპუაშვილის თქმით, ზოგადად ამ საკითხებს ელჩთან სულ აყენებენ.
23 თებერვალს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ აშშ-სთან და ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ერთმანეთს შეადარა და თქვა, რომ აშშ-სთან ურთიერთობაში „თითქოს შესუსტებულია სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით ინტერესი“.
შესუსტების მაგალითებად კობახიძემ დაასახელა სავაჭრო-ეკონომიკური კუთხე, უვიზო მიმოსვლა ამერიკაში, პირდაპირი ფრენები და პროტოკოლური საკითხები.
კობახიძის თქმით, ჩინეთთან ამ მხრივ უკეთესი ვითარებაა.