პაპუაშვილი: ჩარევა მოხდება რუსეთიდან, EU-დან თუ აშშ-დან, ნებისმიერი ჩარევა ქართველი ხალხის არჩევანში ჩარევაა

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციურ პარტიებს კიდევ ერთხელ ადანაშაულებს უცხოეთიდან უკანონო შემოწირულებების მიღებაში და ამბობს, რომ საარჩევნო წელს უცხოეთიდან დაფინანსების მიღება არჩევნებში ჩარევის ტოლფასია.

შალვა პაპუაშვილის თქმით, არჩევნებში ჩარევის პირველი საფრთხე რუსეთისგან მოდის, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, საიდან მოხდება ჩარევა – ევროპისგან, აშშ-სა თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან – ეს ამომრჩევლის ნებაზე გავლენას ახდენს. პარლამენტის სპიკერი აცხადებს, რომ „უნდა აიკრძალოს და შეწყდეს საქართველოში პარტიების პირდაპირ დაფინანსება ევროპული არხებიდან“, რაც ევროკავშირის პასუხისმგებლობაა.

„ოპოზიციურ პარტიებს შექმნილი აქვთ სქემა ყალბი NGO-ების მეშვეობით, იმისთვის, რომ უკანონო შემოწირულებები მიიღონ. თან ეს უკანონო შემოწირულებაცაა და უკანონო შემოწირულებაც, საუბარი გვაქვს უცხოეთიდან დაფინანსებაზე. ფაქტობრივად, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, როგორც აღმოჩნდა, ოპოზიციის დიდი ნაწილი პირდაპირ ფინანსდება საზღვარგარეთიდან. იმის გათვალისწინებთ, რომ საარჩევნო წელია, ტოლფასია არჩევნებში უცხოეთიდან ჩარევის.

უცხოეთიდან ჩარევა არის ერთ-ერთი საფრთხე, რომელიც მოსალოდნელია ამ არჩევნებში. ეს საფრთხე უპირველესად მომდინარეობს რუსეთიდან. მაგრამ მე ხაზს ვუსვამ – მნიშვნელობა არ აქვს, საიდან მოხდება ჩარევა, ჩარევა მოხდება რუსეთის ტერიტორიიდან, ევროკავშირის ტერიტორიიდან თუ აშშ-ის ტერიტორიიდან, ნებისმიერი ჩარევა არის ქართველი ხალხის არჩევანში ჩარევა და არის რუსული სტილი.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დონორებს, რომლებიც მონაწილე არიან ფარული სქემის და მალავენ თავის დაფინანსებას, არიან ასეთები – ერთს დავასახელებ – „ევროპის დემოკრატიის ფონდი” (EED), რომელსაც დაფარული აქვს ხარჯები, არ ამჟღავნებს, არ უმჟღავნებს არც ქართულ საზოგადოებას, არც ევროკავშირის მოქალაქეებს და, როგორც ჩანს, პირდაპირ აფინანსებს პარტიებს და ერევა არჩევნებში.

როგორც იცით, არჩევნების სათანადოდ ჩატარება 9 პუნქტის ერთ-ერთი ნაწილია და აქ ჩვენ მარტო ვერ გავუმკლავდებით პრობლემას. აქ უნდა ჩაერიოს ევროკავშირი, ევროკომისია, ვინაიდან EED გახლავთ ევროკავშირის მიერ დაფუძნებული ინსტიტუცია, რომლის მმართველობაში ძლიერად არიან წარმოდგენილი ევროპარლამენტის წარმომადგენლები, მათ შორის ენმ-თან პირდაპირ კავშირში მყოფებიც. უნდა ჩაერიოს ევროკავშირიც, თუკი ჩვენი საერთო სურვილია სამართლიანი და პატიოსანი არჩევნები. უნდა აიკრძალოს და შეწყდეს საქართველოში პარტიების პირდაპირ დაფინანსება ევროპული არხებიდან. ეს გახლავთ ევროკავშირის პასუხისმგებლობა. იმ შემთხვევაში, თუ ეს არ შეწყდება და მოხდება დაფინანსება, ეს ზიანს მიაყენებს არჩევნებს და მოხდება ჩარევა“, – განაცხადა მან.

ასევე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა Sky News-თან პრეზიდენტის ინტერვიუს, სადაც მან საარჩევნო წელს რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზე ისაუბრა და განაცხადა:

„ეს ჩარევები ქართულ პოლიტიკაში არის რუსეთიდან, რა თქმა უნდა, რუსეთი ცდილობს, მაგრამ არა მხოლოდ რუსეთი. ეს არის მნიშვნელოვანი. პრობლემა არის მაშინ, როდესაც ასეთი განცხადებებით ცდილობენ იმის წარმოჩენას, თითქოს ერთადერთი წყარო არის რუსეთი და ამით ჩვენ ყურადღებას სხვა მიმართულებები ადუნებენ“, – თქვა მან.

ეს EED-ზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არაა. გასულ წელს ხელისუფლების წარმომადგენლები ფონდს ექსტრემიზმისა და პოლარიზაციის დაფინანსებაში ადანაშაულებდნენ.