პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დადგა დრო, რომ ევროკავშირი ოფიციალურად გაემიჯნოს ევროპარლამენტარების „ცილისმწამებლურ განცხადებებს“.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში პოლონელი ევროპარლამენტარის, ანა ფოტიგას მიერ ევროპარლამენტის რეზოლუციაში შეტანილ შესწორებას გამოეხმაურა, რომლითაც სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.
„ახლახანს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც შევიდა აბზაცი, სადაც ევროპარლამენტარები სააკაშვილის კანონიერი პატიმრობიდან ვადამდე გათავისუფლებას მოითხოვენ „ჰუმანიტარული ნიშნით“, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს. ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ, ცვლილების სავარაუდო ავტორმა, აღნიშნა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი არის „პუტინის პირადი მტერი და პატიმარი“. რამდენიმე დღის წინ, მიუნხენის უსაფრთხოების ბოლო კონფერენციაზე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიკორსკიმ მსგავსი სამწუხარო კომენტარი გააკეთა სააკაშვილის შესახებ, როდესაც ასევე სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვა და მას “საქართველოს მოდერნიზაციის სიმბოლო” უწოდა.
ეს სიახლე არ არის. ამგვარი მოწოდებები ადრეც გვესმოდა და ვიცით, რომ ისინი უშედეგოა. ამგვარი განცხადებების ავტორები საერთოდ ვერ ხვდებიან სააკაშვილისა და მისი უცხოელი მფარველების მიმართ ქართული საზოგადოების უმრავლესობის მხრიდან ნეგატიურ დამოკიდებულებას. მაშინ, როდესაც სააკაშვილის ლობისტები მიესალმებიან საქართველოს ექსპრეზიდენტის „დამსახურებებს“, ქართველების უმეტესობისთვის ყველაფერი დიამეტრალურად საპირისპიროა. უფრო მეტიც, დასავლელი პოლიტიკოსების ასეთი აუხსნელი განცხადებები გარკვეულ კოგნიტიურ დისონანსს იწვევს, როდესაც ადამიანები იწყებენ კითხვას, თუ როგორ შეუძლია დემოკრატიულ დასავლეთს, კვლავ მხარს უჭერდეს ავტორიტარულ ფიგურას. ეს ასევე ბადებს ეჭვებს იმის შესახებ, ხომ არ არის დეკლარირებული „დასავლური ღირებულებები“ უბრალო ხრიკი გარკვეული გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად”, – აცხადებს პაპუაშვილი.
პაპუაშვილი წერს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს უცხოელმა მეგობრებმა და კოლეგებმა საქართველოსთან ურთიერთობა აწარმოონ „საერთო ღირებულებების, საერთო ეროვნული ინტერესების საფუძველზე და არა პირადი სიმპათიების მიხედვით.“
„დადგა დრო, რომ ევროკავშირი ოფიციალურად გაემიჯნოს ევროპარლამენტარების ცილისმწამებლურ განცხადებებს. ჩვენი შეკითხვა ევროკავშირისადმი იმაზეა, იზიარებენ თუ არა ისინი ჩვენს საერთო ღირებულებებს თუ ევროპარლამენტარების ვიწრო ინტერესებს ექვემდებარებიან. მიგვაჩნია, რომ მთავარი ჩვენი საერთო საქმეა – საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ“, -წერს პაპუაშვილი.
ევროპარლამენტარის, ანა ფოტიგას ცნობით, გუშინ მიიღეს ორი ანგარიში, სადაც მისი მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს შესახებ შესწორებები შევიდა. კერძოდ, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის აღსრულების შესახებ დევიდ მაკალისტერის ანგარიშში შესწორება მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ეხება.