მოვისმინე მკაფიო განმარტება გახარიასგან, გაუგებარია თალაკვაძის განმარტება - ბაქრაძე

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საგანგებო მდგომარეობის შესახებ არჩილ თალაკვაძის განმარტებაზე კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, ქვეყანაში უნდა გადაიდგას ყველა აუცილებელი ნაბიჯი კორონავირუსთან ბრძოლისთვის.

„ევროპულმა საქართველომ“ გამონაკლისის სახით, მიუხედავად ბოიკოტისა მონაწილეობა მიიღო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაში.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით ჩვენ ხელისუფლებას მივეცით ყველა ბერკეტი, ყველა მექანიზმი, რომელსაც ხელისუფლება ითხოვდა, რათა ეფექტურად გაეკონტროლებინა სიტუაცია. ახლა ჯერი არის მთავრობაზე, მთავრობამ უნდა წარმოადგინოს კონკრეტული ნაბიჯები, როგორც ჯანდაცვის, ისე ეკონომიკური კუთხით“, – განაცხადა ბაქრაძემ.

ბაქრაძემ აღნიშნა, რომ  პარლამენტის თავმჯდომარის განმარტება, საგანგებო მდგომარეობისას ეკლესიაში შეკრებაზე, გაუგებარია.

„მე დღეს მოვისმინე ძალიან მკაფიო განმარტება პრემიერ გახარიასგან, მაგრამ მოვისმინე გაუგებარი განმარტება პარლამენტის თავმჯდომარისგან. აქ საუბარი არ არის რწმენის ან თავისუფლების შეზღუდვაზე. საუბარი არის ვირუსის გავრცელების შეზღუდვაზე. საუბარი არის არა იმაზე, რომ ადამიანებს აუკრძალო რწმენა ან აუკრძალო ის, რაც მათი შინაგანი ღირებულებიდან გამომდინარეობს, არამედ იმაზე, რომ გადაიდგას ნაბიჯები, რომლებიც შეაჩერებს ვირუსს. ვირუსის გავრცელებაზეა საუბარი ან რწმენის შეზღუდვაზე“, – თქვა ბაქრაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ  პრეზიდენტის დეკრეტში არ არის განსაზღვრული, 10 კაცის შეკრებაზეა საუბარი თუ 20-ის და ეს რიცხვი პრემიერმა მანიფესტაციებს და შეკრებებს დაუკავშირა და არა რელიგიურ რიტუალებს.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ უნდა დაიცვან ბალანსი ადამიანების ჯანმრთელობასა და რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლებას შორის.