არასრულწლოვანი 13 წლის გოგო თანასოფლელმა ბიჭმა ოჯახის შექმნის მიზნით გაიტაცა. შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ იორმუღანლოში მოხდა. ოჯახი მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ გამტაცებელი ბიჭი 16 წლისაა.
გოგონას მამა „მთავარ არხთან“ საუბრისას აცხადებს, რომ გამტაცებელი ბიჭის მამამ არასრულწლოვანების ადგილსამყოფელი იცის, თუმცა ადგილსამყოფელს არ ამხელს.
„პოლიციელები სამი დღეა მეუბნებიან, რომ დღე და ღამე ეძებენ და არ არის. მამამ [გამტაცებელი ბიჭის] იცის, სადაც არის, მაგრამ მეუბნება არ ვიციო. ღამე რანაირად „მოიპარეს“არ ვიცით. ისინი მეუბნებიან, ვითომ, ჩემი გოგო არის წასული, 13 წლის გოგო როგორ წავა? – თუ ჩემი გოგო იყო წასული, მოაბრუნონ ჩემი გოგო.
პოლიციაში აქვთ რაღაც წერილი, ის ჩემი ბავშვის წერილი არ არის. ვითომ ჩემმა გოგომ დაწერა, რომ მოდი და წამიყვანეო, ჩემი ბავშვის წერილი არ არის“, – ამბობს არასრულწლოვანი გოგოს მამა „მთავარ არხთან“ საუბრისას.
შსს-ში „პუბლიკას“ უდასტურებენ, რომ გოგონას ეძებენ, ხოლო გამოძიება სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.