ვის შეიძლება შეეზღუდოს „მომეტებული საფრთხის ძაღლის" ყოლის უფლება — ბითაძის განმარტება

პუბლიკა

მაია ბითაძის თქმით, ნასამართლევ პირებს, ასევე ადამიანებს, რომლებსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, შესაძლოა, პოტენციურად მომეტებული საფრთხის ჯიშის ძაღლის ყოლა შეეზღუდოს.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე „შინაურ და ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტი წარადგინა.

სიტყვით გამოსვლის დროს ბითაძემ თქვა, რომ პოტენციურად მომეტებული რისკის ჯიშისაა ძაღლი, რომელიც ფიზიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, ნაკლები წვრთნის შედეგად, კრიტიკულ მომენტში შესაძლებელია საფრთხის შემცველი იყოს.

„ვის არ შეიძლება ჰყავდეს ძაღლი, რომელიც პოტენციურად მომეტებული საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს – ვფიქრობთ, ეს უფლება შეიძლება შეეზღუდოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ძალადობრივი დანაშაულისთვის არიან ნასამართლევი და ნასამართლობა არ აქვთ გაქარწყლებული და ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ფსიქიკური პრობლემები, რაც ფურცლით დასტურდება”. – თქვა მაია ბითაძემ.

მან, ასევე ევთანაზიზე ილაპარაკა და თქვა, რომ ცოფთან დაკავშირებით ევთანაზია ისე მოხდება, როგორც აქამდე.

ევთანაზიის მუხლი ეყრდნობა მთლიანად მთავრობის დადგენილებას და მინდა ხაზგასმით ვთქვა, საეჭვო შემთხვევა არ არის ის, რომ მაია ბითაძეს მოეჩვენება, რომ ძაღლი ცოფიანია, საეჭვო შემთხვევა კანონმდებლობით დასტურდება. ვეტერინარები დაადასტურებენ, რომ ცოფი არის საშიში დაავადება, რომელიც 100-დან 100 პროცენტით სიკვდილიანობით სრულდება და იმ შემთხვევაში, თუ მიმკედლებელი ან მეპატრონე არ განახორციელებს საკუთარ ძაღლზე მეთვალყურეობას და ვიცით, რომ კარანტინის ვადა 1 წელია, ამ შემთხვევაში ძაღლი დაექვემდებარება ევთანაზიას“. – თქვა მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, ევთანაზიის საფუძველი შეიძლება იყოს კინოლოგის და ვეტერინარის ერთობლივი დასკვნა, რომელიც დაადასტურებს, რომ ძაღლი არც დამამშვიდებლით და არც ქცევის კორექციით არ ექვემდებარება დამშვიდებას.