კობახიძე: ანაზღაურებადი სტაჟირების მასშტაბური პროგრამა შემოდგომაზე დაიწყება

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კურსდამთავრებულებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა შემოდგომაზე დაიწყება. მან თქვა, რომ ამ კვირაში პირველადი დოკუმენტი იქნება მზად, ხოლო ახალგაზრდებთან კონსულტაციის შემდეგ საბოლოო დეტალები დაზუსტდება.

„წელს ამოქმედდება კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირების მასშტაბური პროგრამა, რომელიც ათასობით ახალგაზრდას, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში სტაჟირების გავლის ძალიან ფართო შესაძლებლობას მისცემს […] ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა საბოლოო სახეს მიიღებს ახალგაზრდებთან კონსულტაციების საფუძველზე, უახლოეს დღეებში სამინისტრო წარმოადგენს პირველად დოკუმენტს, შემდეგ გაიმართება კონსულტაციები ახალგაზრდებთან, ამის საფუძველზე უნდა დაიხვეწოს საბოლოო სახით ეს გეგმა და უკვე შემოდგომაზე დაიწყება ანაზღაურებადი სტაჟირების მასშტაბური პროგრამა ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ჩვენი კურსდამთავრებულებისთვის”, – განაცხადა მან.

ამის შესახებ კობახიძემ განათლების სამინისტროს მიერ გამართულ პრეზენტაციაზე ისაუბრა, სადაც მთავარი საკითხი „ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვაა”. მან ხაზი გაუსვა ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და თქვა, რომ ხელისუფლება ახალგაზრდებში „ეროვნულ-პატრიოტული მუხტის გაღვივებას” განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს.

„ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ახალგაზრდებში ეროვნულ-პატრიოტული მუხტის გაღვივებას და მაღალი სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას, ამ მიზნით განათლების ყველა საფეხურზე სამინისტრო შესაბამის რეფორმებს განახორციელებს – მინდა გამოვყო სამინისტროს მიერ შემუშავებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტი, ეს არის პროექტი რომელიც ითვალისწინებს სკოლებში იმგვარი გარემოს შექმნას, სადაც ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, ოჯახის პატივისცემაზე, პიროვნულ განვითარებაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული პიროვნება აღიზრდება”, – თქვა კობახიძემ.