NGO-ები: ხელისუფლება კლანის წევრების „ვეტინგზე" უარით ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ხელისუფლება კლანის წევრების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე უარით ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს.

5 ორგანიზაციის – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა”; „სასამართლოს გუშაგი”; „დემოკრატიის მცველები” და „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი” – განცხადების თანახმად, „ხელისუფლებამ დროულად უნდა აღიაროს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები და დაიწყოს სწორედ იმ ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც ევროკომისიის მიერ დამტკიცებული 9 ნაბიჯითაა გათვალისწინებული”.

ე.წ ვეტინგი, ანუ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით არის რეკომენდებული.

ჩანაწერის თანახმად, უნდა შეიქმნას კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმების სისტემა, რომელშიც ჩაერთვებიან საერთაშორისო ექსპერტები, რომლებსაც ამ პროცესში ექნებათ გადამწყვეტი როლი, რათა შემოწმდეს კანდიდატებისა და სასამართლო სისტემაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე უკვე დანიშნული პირების კეთილსინდისიერება.

ხელისუფლება აცხადებს, რომ მათთვის „ვეტინგი” „კატეგორიულად მიუღებელია”. კეთილსინდისიერების შემოწმება მიუღებელია უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის. მათ შორის, აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლე ლევან მურუსიძისთვის.

ორგანიზაციების შეფასებით, „ხელისუფლების რიტორიკას სწორედ ის პირები შეუერთდნენ და კეთილსინდისიერების შემოწმების იდეას სწორედ ის მოსამართლეები დაუპირისპირდნენ, რომელთა კეთილსინდისიერების მიმართაც საზოგადოების მხრიდან ბევრი კითხვა არსებობს”.

„პირველ რიგში, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ კეთილსინდისიერების შემოწმების პროცესი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და ეს ფაქტი უკვე აღიარებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. გარდა ამისა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი, რომელიც ხარვეზებით მიმდინარეობდა, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ კრიტიკის საგანი გახდა.

მათ შორის, უარყოფითი შეფასებები გაკეთდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მიერაც, რომელიც პროცესს მონიტორინგს უშუალოდ უწევდა. გამომდინარე იქიდან, რომ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი პირდაპირ ეთერით გადაიცემოდა, ამ პროცესის ხარვეზების შესახებ ინფორმაცია ფართო საზოგადოებისათვისაც კარგად არის ცნობილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ დროულად უნდა აღიაროს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები და დაიწყოს სწორედ იმ ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც ევროკომისიის მიერ დამტკიცებული 9 ნაბიჯითაა გათვალისწინებული”, – აცხადებენ ორგანიზაციები.