„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ცნობით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების დროული განახლებისკენ მოუწოდა.
„ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2024 წლის 11-14 მარტს ცინცაბაძის საქმეების ჯგუფის აღსრულების საკითხი განიხილა, რომელშიც მაჩალიკაშვილის საქმეც არის გაერთიანებული. ამ საქმეების ჯგუფი შეეხება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ მკვლელობის, წამებისა და არასათანადო მოპყრობის და მათი არაეფექტიანი გამოძიების საქმეებს, რომლებზეც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა დაადგინა.
მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება იზიარებს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გაცხადებულ მოთხოვნებს ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებების განხორციელებაზე. კერძოდ, მაჩალიკაშვილების ოჯახის სახელით, ჩვენი ორგანიზაცია უკვე 11 თვეა უშედეგოდ ითხოვს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან გამოძიების განახლებას და ამ გზით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას, რომელმაც დაადგინა გამოძიების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის ფუნდამენტური ხარვეზები ამ საქმეზე. ამ მიზნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს წარვუგინეთ იმ მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებების ჩამონათვალი, რომელთა ჩატარება ახალი გამოძიების ფარგლებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ასევე, მოვითხოვეთ პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში მტკიცებულებების ფალსიფიცირებისა და განადგურების თაობაზე გამოძიების დაწყება.
სამწუხაროდ, ახლადდაფუძნებული სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამ მოთხოვნებს რამდენიმე თქვეა უპასუხოდ ტოვებს, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვებს აღნიშნული სამსახურის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მინისტრთა კომიტეტის წინაშე ჩვენი ორგანიზაცია ითხოვდა რიგი ზოგადი ხასიათის ღონისძიებების განხორციელებას სამოხელეო დანაშაულების პრევენციის, დაზარალებულთა უფლებების რეალიზების და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესების და სუს-ის ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით.
მინისტრთა კომიტეტმა ღრმა შეშფოთება გამოხატა ცინცაბაძის საქმეთა ჯგუფში გაერთიანებულ რამდენიმე საქმეზე, მათ შორის, მაჩალიკაშვილის საქმეზე, გაჭიანურებული გამოძიების გამო და ხელისუფლებას მკაცრად მოუწოდა ყველა აუცილებელი ღონისძიების განხორციელებისკენ, მათი სწრაფად და ამომწურავად დასრულებისთვის. ასევე, კომიტეტმა სახელმწიფოს მოუწოდა, წარუდგინოს კომიტეტს აღნიშნული საქმეების გამოძიების პროცესში წარმოშობილი დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ გაერთიანებული ინფორმაცია. კერძოდ კი, კომიტეტმა სახელმწიფოს მოუწოდა, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სწრაფად განიხილოს მაჩალიკაშვილის საქმის მასალები ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დასკვნების შესაბამისად და კომიტეტს და გარდაცვლილის ოჯახს აცნობოს გამოძიების განახლების გადაწყვეტილების შესახებ.
მინისტრთა კომიტეტმა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გასცა არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული სისტემური პრობლემების აღმოფხვრის საკითხთან დაკავშირებითაც. კერძოდ, კომიტეტმა სახელმწიფოს მოუწოდა, გადადგას დამატებითი ნაბიჯები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, მათ შორის, უზრუნველყოს სამსახურის ძლიერი დამოუკიდებლობა პროკურატურისგან და მისი საგამოძიებო ფუნქციების შესაბამისობა თავის უპირველეს ინსტიტუციურ როლთან – სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევების გამოძიებასთან.
გარდა ამისა, კომიტეტმა ხელისუფლებას მოუწოდა დაუსჯელობის პრევენციის და ეროვნული კანონმდებლობის კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, გადადგას დამატებითი ნაბიჯები, მათ შორის, შესაძლო საკანონმდებლო ცვლილებები. ასევე, გააძლიეროს არასათანადო მოპყრობის პრევენციის საშუალებები, მათ შორის, სამართალდამცავებსა და ინდივიდებს შორის კომუნიკაციის დროს ვიდეო/აუდიო ჩანაწერების ეფექტიანობის და მასშტაბის გაზრდით.
კომიტეტმა ასევე ღრმა შეშფოთება გამოთქვა დაზარალებულების სტატუსის მინიჭების განგრძობად ხარვეზზე, რაც გამოძიების პროცესში დაზარალებულების არსებითი მონაწილეობის წინაპირობაა და ხელისუფლებას მოუწოდა, განახორციელოს აუცილებელი საკანონმდებლო და პრაქტიკული ღონისძიებები ამ პრობლემის სისტემური და მდგრადი ფორმით აღმოსაფხვრელად. ბოლოს, კომიტეტმა ხელისუფლების ორგანოებს მუწოდა, განაგრძოს არასათანადო მოპყრობის გამოძიების საქმეებზე სტატისტიკური მონაცემების მიწოდება და ანალიზი, მათ შორის, სრულყოფილი სტატისტიკის მიწოდება დაზარალებულის სტატუსის მინიჭების პრაქტიკისა და გამოძიების პროცესში სამართალდამცავთა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციები ადასტურებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მოსაზრებებს, რომ სიცოცხლის ხელყოფისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციის მიმართულებით არსებული სისტემური პრობლემების აღმოფხვრისთვის სისტემური რეფორმების გატარება აუცილებელია.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, დაუყოვნებლივ განაახლოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება და უზრუნველყოს ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება“, – ნათქვამია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებაში.