კობახიძის თქმით, „საეჭვოდ დაფინანსებული კონკრეტული ძალები ანტიჩინურ კამპანიას ეწევიან“

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „საეჭვო დაფინანსებით კონკრეტული ძალები ანტიჩინურ კამპანიას აწარმოებენ“.

მთავრობის ადმინისტრაციის რელიზის მიხედვით, ეს განცხადება კობახიძემ ანტიჩინური კამპანიის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.

„ასეთი კამპანიების მიზანიც არის ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანება. ჩვენ შარშან ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ჩინეთთან. ამ პარტნიორობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი სახელმწიფო ინტერესების რეალიზებისთვის, საქართველოსა და ჩინეთს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, მათ შორის ეკონომიკური პარტნიორობის განვითარებისთვის.

როდესაც ასეთ პირობებში კონკრეტული ძალები, თან საეჭვო დაფინანსებით, აწარმოებენ ანტიჩინურ კამპანიას, რა თქმა უნდა, ესეც არის შემაშფოთებელი. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველას ქონდეს სათანადო პოზიცია ყველა იმ აქტზე, რომელიც სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. ძალიან შემაშფოთებელია ნებისმიერი ასეთი ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება,“- განაცხადა პრემიერმა.

კობახიძის კომენტარს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.