პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ისევ ამბობს, რომ ე.წ. ვეტინგის თემა, რაც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას გულისხმობს, „აბსოლუტურად დახურულია”.
კობახიძის თქმით, ამ სისტემის აუცილებლობაზე მყარი არგუმენტები, რომ ე.წ. ვეტინგი არ ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტს, არავის წარმოუდგენია. მისივე თქმით, მმართველი გუნდი მზადაა კონსულტაციებისთვის და ელოდებიან არგუმენტებს.
„ჩვენ გვაქვს მყარი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ. ვეტინგი ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს. თუ ვინმე არგუმენტებით დაგვისაბუთებს, რომ ეს ასე არ არის და „ვეტინგი” არ ხელყოფს ჩვენს სუვერენიტეტს, სამართლის უზენაესობას, მზად ვართ, ყველა არგუმენტი განვიხილოთ. მაგრამ დღემდე ვერავინ ვერ წარმოადგინა და ვერც წარმოადგენს არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ „ვეტინგი” არ ხელყოფს სამართლის უზენაესობის პრინციპს, ხელისუფლების დანაწილების პრინციპს.
ჩვენ ველოდებით არგუმენტებს, რადგან არ შეიძლება, არგუმენტების გარეშე მოგვთხოვონ სახელმწიფო სუვერენიტეტის, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. თქვენ გახსოვთ რა ხდებოდა საქართველოში, სასამართლო სისტემაში 2004-2012 წლებში. ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რითაც დაიმორჩილა მაშინ ხელისუფლებამ სასამართლო სისტემა იყო სწორედ „ვეტინგი” […].
ევროკავშირი ჩვენთვის არის ღირებულებები და სამწუხაროდ, ადეიშვილის ვიზიტები კაბინეტებში ეწინააღმდეგება სწორედ ევროკავშირის ღირებულებებს. იგივე განცხადებები ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება სწორედ ევროკავშირის ღირებულებებს. ამიტომ ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის ევროკავშირი. თუ იქნება არგუმენტები, მოვისმენთ. გვექნება კონსულტაციებისთვის სრული ღიაობა, მაგრამ როცა ჩვენ გვაქვს არგუმენტები, მეორე მხრიდანაც ველოდებით არგუმენტებს. ეს არის სწორედ ევროკავშირის ღირებულება. ყველამ უნდა წარმოადგინოს არგუმენტები, როდესაც რაღაცას ითხოვს”, – ამბობს კობახიძე.
გუშინ ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სასამართლო სისტემაში არსებული სისტემური გამოწვევების გადასაჭრელად საქართველომ უნდა ჩამოაყალიბოს კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა ამ პროცესში გადამწყვეტი როლის მქონე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით სასამართლო სისტემის ყველა წამყვან თანამდებობაზე დანიშნული პირებისა და კანდიდატებისთვის: იუსტიციის საბჭო, უზენაესი სასამართლო და სასამართლოს თავმჯდომარეები.