დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი გაიმართა, რომელსაც პროკურატურა ბიძინა ივანიშვილისგან 39 მილიონამდე ლარის ოდენობის ბიტკოინის მითვისებას ედავება.
დაზარალებულ დასაკითხ პირთა სიაში ბიძინა ივანიშვილი ფიგურირებს და პროკურორისა და ადვოკატების განცხადებით, ის მოწმის სახით უნდა დაიკითხოს.
ბაჩიაშვილმა მედიასთან პროცესს უსამართლო უწოდა და აღნიშნა, რომ მას საფუძვლად მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ზეპირი ჩვენება უდევს.
„დღეს ქართული მართლმსაჯულებისთვის არის მორიგი ძალიან მძიმე და სამარცხვინო დღე, იმიტომ რომ გრძელდება ის უსამართლო პროცესი, რომელიც დაიწყო ერთი წლის წინათ და რომელსაც საფუძვლად უდევს მხოლოდ ერთადერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ზეპირი ჩვენება.
ეს არის სამარცხვინო ქართული სამართლის სისტემისთვის და არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში, არც ერთ დასავლურ ქვეყანაში მსგავსი საქმე არც კი იქნებოდა მიღებული განხილვაზე“, – ამბობს გიორგი ბაჩიაშვილი
„გარემოება არის ის, რომ ამ საკითხზე უნდა დასრულდეს ექსპერტიზა, შესაბამისად ავთენტურობა უნდა დადგინდეს და ამის შემდგომ უნდა შემოვიდეს შეფასების კომპონენტი. აბსოლუტურად ყველა პირი დაიკითხება, რომელიც მითითებული არის სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში, [მათ შორის ბიძინა ივანიშვილი] არის დაზარალებულ დასაკითხ პირთა სიაში, შესაბამისად, ყველა პირი დაიკითხება იმ საერთო წესების დაცვით, როგორც ხდება სასამართლოში დაკითხვა და ბუნებრივია ინფორმაციას მიაწვდის სასამართლო“, – განაცხადა სადრაძემ.
გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის განცხადებით, დაცვის მხარის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის აუდიოჩანაწერის ექსპერტიზის უცხოეთში ჩატარების მიზეზი ისაა, რომ საქართველოში არსებულმა ყველაზე დიდ საექსპერტო ბიუროს ექსპერტიზასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა.
„გამოქვეყნებული იქნება სრულად აუდიოჩანაწერი და შესაბამისად, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი… რატომ დანიშნა დაცვის მხარემ ექსპერტიზა საზღვარგარეთ – იმის გამო რომ საქართველოში არსებულმა ყველაზე დიდმა საექსპერტო ბიურომ განაცხადა, რომ ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით მათ გააჩნდათ პრობლემები, იძულებული გავხდით, რომ დაგვენიშნა ექსპერტიზა ქვეყნის მიღმა. ის [ბიძინა ივანიშვილი] გახლავთ დაზარალებულად ცნობილი საქმეში, შესაბამისად ის არის ძირითადი მოწმე. დაზარალებული პროცესზე იკითხება მოწმის სახით და თუ კი შესაბამისად ეს განხილვები გაგრძელდება ის ჩვენებას მისცემს“, – განაცხადა ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა.
ბრიტანული საადვოკატო კომპანია Amsterdam & Partners LLP-ის ადვოკატმა რობერტ ამსტერდამმა, რომელიც ბაჩიაშვილის ინტერესებს იცავს, აღნიშნა, რომ ივანიშვილის მეთოდებით საქართველოს მომავალი ვერ ექნება.
„45 წელია ადვოკატი ვარ, მაგრამ გეტყვით, რომ რაც დღეს ვნახე არის ყველაზე სამარცხვინო ყველა ქვეყნისთვის, რთული დასაჯერებელია, რომ ამ ქვეყანაში ეს სპექტაკლი ხდება. რაც დღეს ვნახე არის ძალიან მარტივი. ძველი გენები წარსულიდან ითრევს ამ ქვეყანას და საქართველოს ვერ ექნება მომავალი სანამ ივანიშვილი იყენებს მსგავს მეთოდებს. შემიძლია ახლავე გითხრათ, რომ მსგავსი სასამართლოს პირობებში საქართველოს მომავალი არ აქვს, ეს სამარცხვინოა“, – განაცხადა ამსტერდამმა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინაღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე წარუდგინა. ბრალდების მტკიცებით, საქმეში დაზარალებული ბიძინა ივანიშვილია.
თავად გიორგი ბაჩიაშვილმა ყველა ბრალდება უარყო. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2,5-მილიონ ლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.