იოსელიანი მარტის აქციებზე: ესკალაციის ძირითად მიზეზად ძალის გამოყენების გაუმართლებელი შემთხვევები იქცა

პუბლიკა

სახალხო დამცველის 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიურ საპარლამენტო ანგარიშში საუბარია მარტის აქციებზე.

სახალხო დამცველის შეფასებით, 7 მარტს, საღამოს საათებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაფრთხილების თაობაზე განცხადებების გაკეთების დროისთვის, აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობდა მისი მთლიანად შეწყვეტისა და მისი ყველა მონაწილის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი.

ამასთან ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ძალადობის იზოლირებული ინციდენტები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მთლიანი შეკრება მიჩნეული იყოს ძალადობრივად.

ვკითხულობთ, რომ ძალადობის იზოლირებული ინციდენტების, „მსგავს შემთხვევებში, ნებისმიერი სახის ჩარევა მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული ინდივიდების ძალადობრივ ქმედებებზე ინდივიდუალური, აუცილებელი და პროპორციული რეაგირების განხორციელებას და ამგვარი იზოლირებული ინციდენტების გამო, მთლიანი შეკრება-მანიფესტაცია არ შეიძლება მიიჩნეოდეს ძალადობრივად“.

რაც შეეხება 8 მარტს, ანგარიშში ნათქვამია, რომ პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეკრების მონაწილეთა გარკვეული ჯგუფის მხრიდან იყო ძალადობრივი ქმედებები, ამ ქმედებებზე „შესაბამისი რეაგირების შემდეგ“ კი უკვე ძალის გამოყენება პარლამენტის წინ მდგომი აქციის მონაწილეების მიმართაც გაგრძელდა. „მათ მიმართ, ვინც მშვიდობიანად განაგრძობდნენ პროტესტს”.

სახალხო დამცველის შეფასებით, პარლამენტის წინ მყოფი შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა.

ასევე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ სიტუაციის ესკალაციის ძირითად მიზეზად სწორედ ძალის გამოყენების გაუმართლებელი შემთხვევბი იქცა.

„აქციების მიმდინარეობისას, ძალის გამოყენების შემდეგ, არაერთხელ დაიძაბა სიტუაცია. სამართალდამცავები სპეციალურ საშუალებებს იყენებდნენ მაშინაც, როცა ამგვარი აუცილებლობა არ იკვეთებოდა. მედიასაშუალებებით გავრცელებული კადრებით დასტურდება, რომ პოლიციის თანამშრომლები სპეციალურ საშუალებებს იყენებდნენ მაშინაც კი, როცა შეკრების მონაწილეები სამართალდამცავებს მშვიდობიანად უახლოვდებოდნენ. ასეთ შემთხვევაში, სამართალდამცავებმა რამდენჯერმე გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, მათ შორის, დამიზნებით სახის არეში ზემოქმედების მიზნით“, – ვკითხულობთ ომბუდსმენის ანგარიშში.

სახალხო დამცველის ანგარიშში არაფერი წერია ლაზარე გრიგორიადისის დაკავებაზე – ლაზარე გრიგორიადისი 2023 წლის 29 მარტს დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, 7 მარტს ბრალდებულმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი.

გარდა ამისა, ბრალდების მხარე აცხადებს, რომ გრიგორიადისმა 9 მარტს ჭანტურიას ქუჩაზე ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. უწყების მტკიცებით, ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ლაზარეს სასამართლო პროცესი 1 წელია, გაჭიანურებულად მიმდინარეობს. მისი დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოზე წარმოდგენილი არ ყოფილა.