სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დანამატებს კვლავ უსაფუძვლოდ და გაუმჭვირვალედ იღებენ. SJC-ის განცხადებით, აუცილებელია, რომ მოსამართლეების შრომის ანაზღაურების ოდენობა და დანამატების გაცემის წინაპირობები კანონით მკაფიოდ მოწესრიგდეს.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება საერთო სასამართლოების მოსამართლეების, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შრომის ანაზღაურების გაუმჭვირვალედ განსაზღვრის მანკიერ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც დანამატები მოსამართლეებზე ავტომატურად, დამსახურების გარეშე და განხილული საქმეების რაოდენობის გაუთვალისწინებლად გაიცემა. ჩვენი მოსაზრებით, დანამატების გაცემის არსებული ბუნდოვანი მოწესრიგება კიდევ უფრო ზრდის საბჭოს გავლენას ინდივიდუალურ მოსამართლეებზე. შესაბამისად, აუცილებელია, რომ მოსამართლეების შრომის ანაზღაურების ოდენობა და დანამატების გაცემის წინაპირობები კანონით მკაფიოდ მოწესრიგდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მმართველი გუნდის მიერ 2022 წლის ოქტომბერში შემუშავებული სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიების გაძლიერებას საერთო სასამართლოების სისტემის ერთ-ერთ ძირითად ინსტიტუციურ გამოწვევად და სარეფორმო საკითხად ასახელებს.
ორგანიზაციის თქმით, სოციალური დაცვის გარანტიები სათანადოდ ვერ იქნება უზრუნველყოფილი საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფართო დისკრეციის პირობებში.
ორგანიზაციის განცხადებით, უზენაესი სასამართლოსგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ყველა მოსამართლე, დატვირთულობისა და ადმინისტრაციული პოზიციების მიუხედავად, რეგულარულად იღებს მოსამართლის ყოველთვიურ დანამატს.
„წინა წლების მსგავსად, უზენაესი სასამართლო კვლავაც ასაიდუმლოებს თავმჯდომარის – ნინო ქადაგიძის მიერ განხილული საქმეების რაოდენობას, რაც შეიძლება იმით აიხსნას, რომ ის საქმეებს საერთოდ არ განიხილავს, მაშინ როდესაც იმავე პალატის[2] სხვა მოსამართლეებს ყოველწლიურად, საშუალოდ 150 საკასაციო საჩივარი ეწერებათ. ამასთან, ნინო ქადაგიძე არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს ესწრება, თუმცა ყოველთვიურად იღებს საბჭოს წევრობის დანამატსაც. შესაბამისად, მის მიმართ ორმაგი დანამატის გაცემის მიზნობრიობა და დასაბუთებულობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავდება იმ ფონზე, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები (მათ შორის ნინო ქადაგიძე) თავადვე იღებენ საკუთარი თავებისთვის დანამატის გამოწერის გადაწყვეტილებას და განსაზღვრავენ მის ყოველთვიურ ოდენობას“, – ნათქვამია განცხადებაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, ერთი წლის წინ მათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებზე, აგრეთვე დამოუკიდებელ ინსპექტორზე შრომის ანაზღაურების გაცემის მარეგულირებელი კანონმდებლობა და პრაქტიკა შეისწავლეს.
„უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების ანალიზი ცხადყოფს, რომ შრომის ანაზღაურების გაუმჭვირვალობის პრობლემა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტად გამწვავდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
მოსამართლეების შრომის ანაზღაურების განსაზღვრის პროცესში SJC-მა გამოყო ძირითადი ხარვეზები:
-
დანამატების გაცემა უსაფუძვლოდ და რეგულარულად – საერთო სასამართლოების ყველა მოსამართლე ყოველთვიურად იღებს დანამატს, რაც ეწინააღმდეგება დანამატის რეალურ − დამსახურებაზე დაფუძნებულ ბუნებას. ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები ორმაგ და ცალკეულ შემთხვევებში, სამმაგ დანამატსაც კი იღებენ. (მოსამართლის ყოველთვიური დანამატი, საბჭოს წევრობის დანამატი და ცალკეულ თვეებში გაცემული ე.წ. “სადღესასწაულო” დანამატი).
-
დაუსაბუთებლად დანამატების ოდენობის სისტემატური ზრდა – მოსამართლეების ყოველთვიური დანამატები, როგორც წესი, წლიდან წლამდე არსებითად იზრდება. მაგალითისთვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 2023 წელს ყოველთვიური დანამატის სახით 5250 ლარს იღებდა, 2024 წელს დანამატის ოდენობამ 7825 ლარი შეადგინა.[4]
-
საჯარო ინფორმაციის ხელმიუწვდომლობა – კანონმდებლობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უნდა განთავსდეს საბჭოს ვებგვერდზე,[5] თუმცა 2023 წლის ივნისის შემდეგ საბჭო მიღებულ გადაწყვეტილებებს არც ვებგვერდზე აქვეყნებს და არც საჯარო ინფორმაციის სახით გასცემს.
-
ფინანსური წახალისების თვითნებური პრაქტიკით მოსამართლეების ნებაზე გავლენის საფრთხეები – კანონმდებლობა მოსამართლეების მხოლოდ თანამდებობრივი სარგოს ოდენობას განსაზღვრავს, დანამატების გაცემის საკითხი კი არაა დეტალურად მოწესრიგებული. საბჭოში კონცენტრირებული ისედაც ჭარბი ძალაუფლების ფონზე, შრომის ანაზღაურების მოწესრიგებისა და გაცემის ფართო დისკრეცია, რომელიც პრაქტიკაში ბუნდოვნად და გაუმჭვირვალედ გამოიყენება, პირდაპირ აძლიერებს სასამართლოში კლანურობისა და ინდივიდუალურ მოსამართლეებზე არასათანადო გავლენების რისკებს. უზენაესი სასამართლოსგან მიღებული ინფორმაციით, დანამატებს ის მოსამართლეებიც იღებენ, რომელთა დატვირთულობა არსებითად ჩამორჩება სხვა მოსამართლეებზე განაწილებული საქმეების რაოდენობას. მაგალითისთვის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს – გიორგი მიქაუტაძეს 2023 წელს მხოლოდ 6 საქმე დაეწერა. ამის მიუხედავად ის ყოველთვიურად იღებს დანამატს 7315 ლარის ოდენობით.
ორგანიზაციის განცხადებით, სასამართლოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ კომპონენტს შრომის ღირსეული ანაზღაურება და მისი იმგვარად მოწესრიგება წარმოადგენს, რომ განეიტრალებული იყოს მოსამართლეებზე თუ სასამართლო სისტემის ადმინისტრირებაში ჩართულ სხვა სუბიექტებზე არაფორმალური გავლენის რისკები.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიესალმება მოსამართლეებისთვის ღირსეული შრომითი პირობების შექმნას, მათ შორის არსებული სახელფასო განაკვეთის კანონის დონეზე ახლებურად მოწესრიგების გზით.
ორგანიზაციის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თვითნებობისა და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია:
-
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების განხორციელება და მოსამართლეებისთვის თანამდებობრივი სარგოს ღირსეული და სამართლიანი ოდენობის კანონით განსაზღვრა;
-
დანამატების გაცემის საფუძვლების დეტალური გაწერა საკანონმდებლო დონეზე;
-
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე დანამატების შესახებ მიღებული დადგენილებების საჯაროდ გამოქვეყნება;
-
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხის გაზრდა მოსამართლეთა დატვირთულობისა და მიღებული შრომის ანაზღაურების ოდენობის შესახებ.