მილერი რუსულ კანონზე: ჯერ არ მინდა საუბარი ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება, გადავდგათ

პუბლიკა

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი ამბობს, რომ ჯერჯერობით არაფერს იტყვის იმ პოტენციურ ნაბიჯებზე, რომელსაც აშშ გადადგამს, თუ რუსული კანონპროექტი კანონად იქცევა. თუმცა, გამოხატა შეშფოთება და აღნიშნა, რომ ის საქართველოს გადაიყვანს ევროპული გზიდან.

დღევანდელ ბრიფინგზე, რუსული კანონის შესახებ დასმული კითხვის პასუხად მეთიუ მილერმა თქვა:

„ჩვენი პოლიტიკა არის ის, რაზეც ვისაუბრეთ ჩვენს განცხადებაში, რომ ჩვენ ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ იმის გამო, რომ თუ ეს კანონი ძალაში შევა, ის დააზიანებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ, რათა გააუმჯობესონ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება. ის გადაყვანს საქართველოს თავისი ევროპული გზიდან. შეშფოთებულები ვართ იმით, რომ ეს კანონი ხელს შეუშლის მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ, რომ საქართველოს მოსახლეობას მაღალი ხარისხის ინფორმაცია მიაწოდონ.

ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია და ძალაში არ შესულა. ამიტომ, ჯერ ნამდვილად არ მინდა საუბარი შესძლო შედეგებსა და პოტენციურ ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება, ჩვენ გადავდგათ. ამჟამად ცხადად ვამბობთ, რომ გვაშფოთებს ეს კანონპროექტი, თუ ის წინ წაიწევს, რა შეიძლება გავაკეთოთ, დღეს გამოსაცხადებელი არაფერი მაქვს”.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება რუსული კანონის შესახებ ადრეც გააკეთა. მეთიუ მილერმა თქვა, რომ აშშ-ის შეშფოთება საქართველოს ხელისუფლებას უკვე გადასცეს.