მდინარაძე: არ ველოდები არანაირ სანქციას

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ რუსული კანონპროექტის მიღების გამო, ის ქვეყნისთვის სანქციების დაწესებას არ ელოდება.

მისი თქმით, თუ ვიღაცამ მაინც ამის გამო ქვეყნისთვის სანქციების დაწესება განიხილა, „ეს იქნება წარმოუდგენელი უსამართლობა“.

„იმ ქვეყანამ, სადაც ამ მიმართულებით კიდევ უფრო მკაცრი კანონია, იმავე რამისთვის სხვას სანქცია დაუწესოს, წარმოუდგენელია, ეს ვინმემ დაუშვას.

წარმოუდგენელია, ვინმემ იფიქროს, რომ ის, რაც ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს, თუ პატარა ქვეყანამაც გააკეთა, ჩვენ ამისთვის სანქცია უნდა დავუწესოთო. ამ თემაზე ვისმენთ მწვავე კრიტიკას ჩვენი მეგობარი ქვეყნების ცალკეული წარმომადგენლებისგან. ერთადერთი განსხვავება შარშანდელთან შედარებით არის ის, რომ აღარ ეძახიან რუსულს, რადგან ყველა მიხვდა, ეს არის საუკუნის აფიორა. ამის შედარება რუსულთან არის თაღლითობა.

ჩვენი პარტნიორებიც დარწმუნდნენ, რომ არ უნდა დაუძახონ რუსული. სიტყვა რუსული გაქრა კომუნიკაციაში, მაგრამ ვისმენთ მწვავე კრიტიკას, რაც წარმოუდგენელი უსამართლობაა, ისევე როგორც, თავის დროზე უსამართლობა იყო კანდიდატის სტატუსის არმოცემა თავის დროზე.

როგორც ჩანს, ამ ქვეყნისთვის მარტივად არაფერი იქნება, არც დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერება, არც სუვერენიტეტის ხარისხის გაძლიერება, ბრძოლით უნდა მოვიპოვოთ. მწვავე დისკუსიებით უნდა მოვიპოვოთ, რაც გვეკუთვნის. დიდ ქვეყნებს თუ გააჩნიათ ანალოგიური კანონები, ჩვენც შეგვიძლია, ასეთი კანონი მივიღოთ. წარმოუდგენელი უსამართლობაა, გააკრიტიკო პატარა ქვეყანა იმისთვის, რაც შენს ქვეყანაში მისაღები და აუცილებელიც კი არის“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.