საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" რუსეთს ევროპული კონვენციის დარღვევები დაუდგინდა

პუბლიკა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. საქმე ეხება 2008 წლის ომის შემდეგ დაწყებული ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს.

სტრასბურგის სასამართლომ ადამიანის უფლებათა კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევა დაადგინა.

კერძოდ, სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლის (არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 მუხლის პირველი პუნქტის (თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება) და მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) დარღვევას, ასევე, დაადგინა კონვენციის დამატებითი პირველი ოქმის პირველი (საკუთრების უფლება) და მე-2 მუხლის (განათლების უფლება), დამატებითი მე-4 ოქმის მე-2 მუხლის (მიმოსვლის თავისუფლება) დარღვევა.

სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთს შორის შეიარაღებულმა კონფლიქტმა გამოიწვია პროცესი, რომელიც 2009 წელს დაიწყო და ცნობილია ბორდერიზაციის სახელით, „რომელიც უკრძალავს ადამიანებს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტული რეგიონებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის თავისუფლად გადაკვეთას”.

„ვითარებას მოიხსენიებენ, როგორც „2008 წლის აგვისტოს საქართველორუსეთის კონფლიქტის ერთერთ ყველაზე მტკივნეულ მემკვიდრეობას“,“- აღნიშნულია პრესრელიზში.

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს მთავრობა ამტკიცებდა, რომ აფხაზეთში ან სამხრეთ ოსეთში შესვლის ან გასვლის მცდელობისას ადგილი ჰქონდა ადამიანების მკვლელობას, სხვების დაკავებას, დაპატიმრებას ან არასათანადო მოპყრობას მათ მიერ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების „უკანონო გადაკვეთისთვის”.

„ადამიანებს წაართვეს მიწა, რომელსაც ისინი სოფლის მეურნეობისთვის იყენებდნენ, ოჯახის წევრები ერთმანეთს დააშორეს და ბავშვებს აიძულებდნენ, აერჩიათ რუსულ ენაზე სწავლა ან გრძელი და სახიფათო მოგზაურობა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სკოლებში გაკვეთილებზე დასასწრებად”, – აღნიშნულია სასამართლოს პრესრელიზში.

სტრასბურგის სასამართლო ხაზგასმით ამბობს, რომ საქმეში არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები.

კერძოდ, მსხვერპლთა სიები, ჩვენებები, მედიის მიერ გაშუქებული ცნობები და საერთაშორისო მასალები, რათა ყოველგვარი გონივრული ეჭვის გარეშე დაესკვნა, რომ სავარაუდო ინციდენტები არ იყო ცალკეული და იყო საკმარისად მრავალრიცხოვანი, ურთიერთდაკავშირებული იმისთვის, რომ წარმოადგენდეს დარღვევების ნიმუშს ან სისტემას.

„მეტიც, ინციდენტებზე ეფექტიანი გამოძიების აშკარა არარსებობა და ყველა დაინტერესებული პირის მიმართ ზომების ზოგადი გამოყენება ამტკიცებს, რომ რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად იყო ტოლერანტული მსგავსი პრაქტიკის მიმართ”, – წერია პრესრელიზში.

საქართველო ასევე ითხოვდა დარღვევის დადგენას კიდევ სამ მუხლში: მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება), მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა), მე-18 (უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ არ არის საჭირო იმის შემოწმება, დაირღვა თუ არა კონვენციის მე-13, მე-14, მე-18 და 38-ე მუხლები.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ კიდევ სამი საჩივარი აქვს შეტანილი. ასევე, სასამართლოში შეტანილია 200-მდე ინდივიდუალური საჩივარი საქართველოს, რუსეთის ან ორივე სახელმწიფოს წინააღმდეგ 2008 წლის შეიარაღებულ კონფლიქტთან ან ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით.